დღეს გამთენიისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 3 სტუდენტი: ლუკა ხიზაძე, არჩილ გოჩიტაშვილი და გიორგი ბარბაქაძე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატები ადასტურებენ.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გაფიცული სტუდენტების ერთ-ერთი წარმომადგენელია [...] დილის 5 საათზე პოლიციიდან დამირეკეს, რომ ის დააკავეს და დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს [...] ის ადმინისტრაციული მუხლით არის დაკავებული - თუ რის გამო, ეს არ გვითხრეს", - თქვა ლუკა ხიზაძის ადვოკატმა.
კომენტარი გააკეთა არჩილ გოჩიტაშვილისა და გიორგი ბარბაქაძის ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა.
"შსს-ს მივმართავ, კამერის ჩანაწერები წარმოგვიდგინოს და დაგვიდასტუროს ის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რაიმეს წერდა. პულივიზატორი აკრძალული ნივთი არ არის. არც ვადასტურებ, რომ ის ჰქონდა, მაგრამ ჰიპოთეტურად რომ ვიმსჯელოთ, ის აკრძალულ ნივთთა კატეგორიაში არ გადის [...]
ბატონმა გიორგიმ მითხრა, რომ მას არანაირი წარწერა არ გაუკეთებია და იმ მომენტში დააკავეს, როცა ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდა. ბატონ არჩილს რაც შეეხება, მან თქვა, რომ დააკავეს, მაგრამ წარწერებთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ, ველოდებით", - ამბობს ავსაჯანიშვილი.
დამატებითი დეტალებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით და უწყებისგან პასუხს ველოდებით.
წყარო: ტაბულა