საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს.
კანონპროექტის თანახმად, იგეგმება რიგი საჯარიმო სანქციების გამკაცრება. მათ შორის, ცვლილება ეხება არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის საკითხსაც.
კანონპროექტის თანახმად, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე მიდგომა მკაცრდება. მართალია, ამ ტიპის დანაშაულზე არსებული კანონმდებლობით მოქმედი ფულადი ჯარიმა და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა უცვლელი რჩება, თუმცა იზრდება მართვის მოწმობის ჩამორთმევის ხანგრძლივობა.
რა იცვლება კანონში არაფხიზელი მძღოლებისთვის
უფრო კონკრეტულად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მძღოლს გარკვეულ 3 ტიპის ადმინისტრაციულ დარღვევაზე, დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი, მართვის მოწმობის უფლება აქვს ჩამორთმეული და ამ სახდელის პერიოდში კვლავ იგივე სამართალდარღვევა დაუფიქსირდება, მართვის მოწმობის შეჩერების ვადა კიდევ 1 წლით გაეზრდება.
ეს ცვლილება შეეხება შემდეგი 3 ტიპის დარღვევას, როგორიცაა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-7 ნაწილებით განსაზღვრული ქმედებები.
კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილი გულისხმობს:სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია და 0,7 პრომილეს არ აღემატება−გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას
კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილი გულისხმობს: სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,7 პრომილეზე მეტია, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება−გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას
კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილი გულისხმობს:ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება−გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას
შესაბამისად, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, თუ პირს ზემოთჩამოთვლილი სამი ადმინისტრაციული სახდელიდან რომელიმე აქვს დაკისრებული და მაგ პერიოდში რომელიმე ამ 3 ტიპის სამართალდარღვევას კვლავ ჩაიდენს, მართვის მოწმობის შეჩერების ვადა დამატებით 1 წლით გაუხანგრძლივდება
გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, გაფართოვდა იმ სამართალდარღვევების ჩამონათვალი, რომელთა ჩადენასთან ერთადაც უფრო დამამძიმებელ ქმედებად ჩაითვლება - სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება
მაგალითისთვის, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია და 0,7 პრომილეს არ აღემატება, ან ეთანოლის შემცველობა 0,7 პრომილეს აღემატება ან მძღოლი სიმთვრალეზე შემოწმებას თავს აარიდებს და მსგავსი ქმედება გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, გამოიწვევს:
მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით, იმ შემთხვევაში თუ მძღოლს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 3 წლით გაზრდას, იმ შემთხვევაში თუ მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს.