პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, "ბათუმელების"/"ნეტგაზეთის" დირექტორის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი უწყვეტად მიმდინარეობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.
ექიმი მზია ამაღლობელს მოუწოდებს, შეწყვიტოს შიმშილობა.
"მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. მასზე მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. ლაბორატორიული კვლევები ტარდება პრაქტიკულად ყოველდღიურად. ამ ეტაპზე, ბოლო მონაცემებით, მნიშვნელოვანი სახის ცვლილებები არ აღინიშნება.
ბრალდებულს ყოველდღიურად ხვდება სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ეცნობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ადვოკატისთვისაც, მისი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია. ამ ეტაპზე, მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის. მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კვლავ გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში.
მოვუწოდებთ მზია ამაღლობელს, შეწყვიტოს შიმშილობა მისი ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე", - აცხადებს ურთქმელიძე.
მალხაზ ურთქმელიძის კომენტარს პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
დღესვე განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა. მათი თქმით, აპარატის წარმომადგენელი და ექიმი შეხვდნენ დაკავებულ ჟურნალისტს და გაეცნენ მის სამედიცინო დოკუმენტაციას. ომბუდსმენის აპარატში მიუთითებენ, რომ მზია ამაღლობელს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და შიმშილობის ფონზე მისი გართულების რისკი არსებობს.