მზია ამაღლობელი საპატიმროში მე-20 დღეა შიმშილობს

2025-01-31 12:24:33

დაპატიმრებული ჟურნალისტი, "ბათუმელები/ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი უკვე მე-20 დღეა, რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს.

მედია მენეჯერის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.

"თავისუფლება მზია ამაღლობელს" - ამ მოთხოვნით ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციის მონაწილეებმა კარვებში მეორე ღამე გაათენეს.

ისინი ასევე მოითხოვენ, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს და შეუჩერდეს უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

ინფორმაციისთვის, იურისტების განცხადებით, დაკავების შემდგომ, ბათუმის პოლიციის უფროსის მხრიდან ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას.

შეგახსენებთ, მედია მენეჯერი 2025 წლის 11 იანვარს დაპატიმრეს. მას ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, კოლეგებმა საერთო წერილით მიმართეს და მოუწოდეს, შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა იგი შიმშილობას 20 დღეა, აგრძელებს.

"როგორც გადმომცა, არ შიმშილობს იმისთვის, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღოს, შიმშილობს პროტესტისთვის უსამართლობის გამო", - თქვა 23 იანვარს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ.

მან ასევე გამოაქვეყნა მზია ამაღლობელის დანაბარები:

"დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის".