ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

2025-01-13 11:15:30

ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 24-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ლოს-ანჯელესის ოლქის კორონერის ოფისის უახლესი ინფორმაციით, პასიფიკ-პალისეიდის რაიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად 8 ადამიანი, იტონის კერაში კი 16 პირი დაიღუპა.

უწყებების ცნობით, დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. დაკარგულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა - იტონის ხანძრის ტერიტორიაზე 12 ადამიანი, პასიფიკ-პალისეიდის ტერიტორიაზე კი 4 ადამიანი გამოცხადდა დაკარგულად.

ამჟამად განადგურებულ სამეზობლოებში სისტემური საძიებო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ჩამოყალიბდა ცენტრი, სადაც ადამიანებს დაკარგული პირების შესახებ შეტყობინება შეუძლიათ.

ლოს-ანჯელესის შერიფის, რობერტ ლუნას თქმით, ოლქში დაახლოებით 150 000 ადამიანი ევაკუაციის ბრძანების ქვეშ რჩება, 700-ზე მეტი მცხოვრები პირი კი 9 თავშესაფარში იმყოფება.

ხანძრის საპასუხოდ მობილიზებულია დაახლოებით 1 400 სახანძრო მანქანა, 84 თვითმფრინავი და 14 000-ზე მეტი პერსონალი, მათ შორის მექსიკიდან ახლახან მოსული მეხანძრეებიც.