საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პარლამენტში ინაუგურაციის პარალელურად განცხადებით მიმართა ორბელიანის სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას.
ზურაბიშვილის თქმით, ის ტოვებს ორბელიანის სასახლეს, თუმცა კვლავ თავს თვლის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.
"იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების. მე მინდა თქვენ გითხრათ და თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში - 6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე, ამიტომ ვარ დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით შეიცვლება, მე ვიქნები სასახლეში თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები.
მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს.
მინდა, რომ ახლა, თქვენთან ერთად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ლეგიტიმურობა. ლეგიტიმურობა მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს წყარო ხართ თქვენ. იქ, სადაც ხალხის ნდობა არ არის, ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. ამიტომ, გამოვალ თქვენთან და თქვენთან ერთად ვიქნები",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.