როდემდე შეძლებთ მიწის ნაკვეთის უფასოდ დარეგისტრირებას

2024-11-05 15:27:25

სასოფლო-სამეურნეო მიწის სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამის ვადა გახანგრძლივდა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის 1 ნოემბრის ბრძანებაშია აღნიშნული.

კერძოდ, უწყების გადაწყვეტილების პროგრამა დაგეგმილთან შედარებით 1 წლით მეტხანს გაგრძელდება და მოქალაქეები მიწების რეგისტრაციას მომავალ წელსაც შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების უფასო რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, პროცესი 2025 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა დასრულებულიყო. მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრის დადგენილების თანახმად კი, სისტემური რეგისტრაცია 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, 2022-2024 წლებში სისტემური წესით 1.2 მილიონი ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს 59 მუნიციპალიტეტში და ხორციელდება საქართველოს ყველა კონტროლირებად ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთისა.