"დაშინება, ხმის ფარულობის დარღვევა, არათანაბარი სათამაშო მოედანი"

2024-10-27 17:56:28

"დაძაბული, ძალიან ღრმად პოლარიზებული გარემო, საარჩევნო უბნებს გარეთ ამომრჩეველზე დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევები, ხმის ფარულობის დარღვევა, არათანაბარი სათამაშო მოედანი და განხეთქილების შემომტანი რიტორიკა - ეს არის საკითხები, რაც პირადად მე მაწუხებდა", - აღნიშნული შეფასება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფაიკ ოსთრეკმა გააკეთა.

ოსთრეკის განცხადებით, ეს არჩევნები კრიტიკული ტესტი იყო საქართველოს დემოკრატიისთვის, ხოლო მისი შედეგები მეორე ტესტი იქნება.

საქართველო-ნატოს პარტნიორობა 25 წლის წინ დაიწყო. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორობა. ჩვენ საქართველოში ჩემპიონები ვიყავით დემოკრატიის, ევროკავშირისა და ნატოსკენ მისწრაფების მხარდაჭერის კუთხით.

რაც შეეხება საერთო ფასეულობებს, რაც არის ინდივიდუალური თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ეს ნამდვილად აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს. ეს ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის.

2022 წლის თებერვალში, მაშ შემდეგ რაც უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ჩვენ საქართველოს მხარდასაჭერად ჩვენი ძალისხმევა გავაორმაგეთ. ასევე, მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე დგას.

ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე უკან გადაგმული ნაბიჯია. ეს არჩევნები კიდევ ერთი კრიტიკული ტესტი იყო საქართველოს დემოკრატიისთვის - მისი შედეგები მეორე ტესტი იქნება. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ არჩევნებს დავაკვირდეთ და როდესაც მოგვიწვიეს, ეს მოწვევა მივიღეთ.

ჩვენ მხარდაჭერას ვუწევთ ქართველ ხალხს, ვისაც უნდა დემოკრატიული საქართველო ევროკავშირსა და ნატოში. საქართველო დემოკრატიული რეფორმების გზაზე დიდ სირთულეებს აწყდება. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა კვლავ აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია დემოკრატიული გამძლეობის ცენტრის შექმნა და ეს უნდა მოხდეს ნატოს შტაბ-ბინაში“, - განაცხადა ფაიკ ოსთრეკმა