საია არჩევნების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2024-10-27 11:54:42

"2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა",- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, საიას მიერ აღრიცხულ უბანთა უმრავლესობაში „ქართული ოცნების” მიერ დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი - ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს.

"დარღვევების შინაარსის, მათი ინტენსივობის და ურთიერთკავშირის გათვალისწინებით, საიას სადამკვირვებლო მისია მთავარ დარღვევებს გამოყოფს:

ხმის მიცემის ძირითადი პროცედურების დაუცველობა - გამოვლინდა მარკირების წესების დაუცველობის დარღვევა, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით - ამომრჩეველს არ უკეთებდნენ მარკირებას ან უსვამდნენ კითხვას, სურდა თუ არა მარკირების სითხის დასხმა. გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში სპეციალური ფანარი მარკირებას არ აღიქვამდა და ამომრჩეველს აძლევდა საშუალებას, უბანზე სათანადო შემოწმების გარეშე შესულიყო. ამასთანავე, დაფიქსირდა ხმის მიცემის შემთხვევები იმ ამომრჩევლების მიერ, რომლებსაც მარკირების კვალი ემჩნეოდათ. აგრეთვე, გამოვლინდა ორმაგი ვერიფიკაციის, ასევე, ერთი და იმავე მოქალაქის მიერ ერთზე მეტჯერ ხმის მიცემის შემთხვევები.

დამკვირვებლებისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლა - მთელი დღის განმავლობაში დამკვირვებლები აწყდებოდნენ სხვადასხვა სახის დაბრკოლებას, რაც მათ ხელს უშლიდა თავისუფალი და გამჭვირვალე დაკვირვების პროცესის უზრუნველყოფაში. საიამ აღრიცხა დამკვირვებლების წინააღმდეგ მუქარის, საარჩევნო კომისიების მხრიდან მონიტორინგის პროცესის შეფერხების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ვერბალური თავდასხმის, ასევე, უბნიდან გაძევების ფაქტები. დამკვირვებლების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება გამოვლინდა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი მარკირების წესის დარღვევაზე შენიშვნებს აფიქსირებდნენ.

საიას მიერ აღრიცხულ უბანთა უმრავლესობაში „ქართული ოცნების” მიერ დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში, უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი - ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი. ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს. ასევე, ფიქსირდებოდა ფარულობის დარღვევის სხვადასხვა ეპიზოდი, მათ შორის, ხმის მიცემა არაუფლებამოსილ თანმხლებ პირთან ერთად.

დღის მანძილზე ასევე გამოვლინდა უბნის გარეთ დაძაბულობის, მოსული ამომრჩევლების აღრიცხვის, ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის, კომისიის წევრების მიერ ფუნქციების არაჯეროვანი შესრულების, უკანონო აგიტაციის ფაქტები, ასევე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები. უბნის დახურვის შემდგომ დაფიქსირდა ბიულეტენის ბათილობასთან, ჩანაწერთა წიგნის დალუქვასა და საარჩევნო უბნის დოკუმენტაციის გაცნობასთან დაკავშირებული დარღვევები.

კენჭისყრის დღეს გამოვლენილი ძირითადი დარღვევები და პროცესების სანდოობასთან დაკავშირებული ეჭვები დღის წესრიგში აყენებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან განმარტების საჭიროებას - იმ პირობებში, როდესაც ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთულია ამომრჩეველთა სრული სია, რა მექანიზმების გამოყენებით შეიძლება იმის დაზუსტებით თქმა, რომ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება. ეს საკითხი განსაკუთრებით საჭიროებს განმარტებას იმ პირობებში, როდესაც სახეზეა მარკირების პროცედურებთან დაკავშირებული სერიოზული დარღვევები.

საიას სადამკვირვებლო მისია განაგრძობს საქმიანობას და საუბნო საარჩევნო კომისიებში შედგენილი შემაჯამებელი ოქმების შესწავლის პროცესს”, - აღნიშნავენ საიაში.