"ჩვენ არჩევნების შედეგს არ ვაღიარებთ"

2024-10-27 01:28:30

ცესკოს წინასწარ მონაცემებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების/კოალიციების ლიდერებმა განცხადებები გაავრცელეს.

კოალიცია ცვლილებებისთვის", არ აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებას და გაყალბების მასშტაბური სქემის არსებობაზე საუბრობს.

"ხელისუფლების უზურპაცია მოხდა საქართველოში, ეს არის სახელმწიფო გადატრიალება. "ქართული ოცნება" არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი და ამაზე "ქართული ოცნება" აგებს პასუხს აუცილებლად იმ წესით, როგორი წესითაც ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. მაგრამ, ვიდრე ეს მოხდება, "ქართულ ოცნებას" მოუწევს ოპოზიციის გამარჯვების აღიარება. ჩვენ გაშიფრული გვაქვს სქემა, რომლის მიხედვითაც მათ მოიპარეს არჩევნები. ამაზეც გვჭირდებოდა გარკვეულწილად დრო და ამაზე საუბარი. ეს არ არის მარტივი, ჩვენ დაგპირდით ხმების დაცვას და ბოდიშს გიხდით, რომ ამ რთული ტექნოლოგიური სქემის გაშიფვრაში იმთავითვე წარმატებული არ ვიყავით და მხოლოდ არჩევნების გაყალბების შემდეგ აღმოვაჩინეთ ეს პრობლემა", - თქვა ნიკა გვარამიამ.

არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც.

“დღევანდელი ისტორიული არჩევნები იყო ქართველი ხალხის გამარვება და რჩება ქართველი ხალხის გამარჯვებად, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ცესკომ შეასრულა ივანიშვილის ბინძური დაკვეთა და გამოაცხადეს შედეგები, რომელიც ქაჩვენებს, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოპარა და ამით მოპარა ევროპული მომავალი.

ჩვენ მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ჩვენ ამ მოპარული შედეგების აღიარებას არ ვაპირებთ. ის გამარჯვება, რომელიც მოიპოვა ქართველმა ხალხმა, არ ეკუთვნის რომელიმე ერთ პარტიას, არამედ ეკუთვნის მთლიანად ქვეყანას და ოპოზიციას, რომელსაც ერთობლივად მისცა ნდობის მანდატი ქართველმა ხალხმა. ჩვენ ვიბრძოლებთ როგორც არასდროს, ჩვენი ევროპული მომავლის დასაბრუნებლად და არ შევეგუებით მოპარული არჩევნების შედეგებს”, - განაცხადა  “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

"შედეგები, რომელიც გამოგვიცხადეს ცოტა ხნის წინ, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას",- ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ანა დოლიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“პირდაპირ გეტყვით, ჩვენ ვართ განრისხებულები იმით, რისი წარმოდგენა და დაწერა გაბედა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. შედეგები, რომელიც გამოგვიცხადეს ცოტა ხნის წინ, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საყოველთაო დაშინების, გაყალბების, მოსყიდვის ფონზე ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებული ეს ციფრები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ისტორიულ და დღევანდელ არჩევანს. კოალიცია “ძლიერი საქართველო” აცხადებს, რომ ყოველსაათობრივად იბრძვის თითოეული მოქალაქის ხმისა დანების დასაცავად. ჩვენ ვიყენებთ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის დემოკრატიული და ევროპული არჩევანი”, - განაცხადა ანა დოლიძემ.