რუსთავში, საცხოვრებელ სახლში ძარცვის მიზნით შეიარაღებული პირი შეიჭრა
შემთხვევა ახალ რუსთავში, ერისთავის ქუჩაზე მოხდა.
როგორც დაზარალებული "ინფო რუსთავს" უყვება, ნიღბიანი პირი ფულსა და ოქროს ითხოვდა.
სახლში ამ დროს მხოლოდ 44 წლის ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ.
"დილის 9-ის ნახევარი იყო, მეუღლე გავიდა თუ არა გარეთ სამსახურში წასასვლელად, სწორედ ამ დროს შემოვიდა კარიდან ნიღბიანი, შავებში ჩაცმული პიროვნება, იარაღით ხელში. სახლში ვიყავით მე და ჩემი 4 წლის ბავშვი.
ითხოვდა ფულს და ოქროს, როცა ვუთხარი, რომ ფული არ მქონდა და ოქრო წაეღო, მხოლოდ ოქროს ხელი არ მოკიდა და ძირს დამაწვინა, ხელების გაკოჭვა უნდოდა, ალბათ ფიქრობდა, ამ გზით თანხასაც მიიღებდა. იარაღის კონდახი მირტყა თავში.
ბავშვიც გაგიჟდა, კიოდა, ვიფიქრე, ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდესთქო და შევეწინააღმდეგე, საკიდი იყო კარადაზე და ის ჩავარტყი. იარაღი დაუვარდა და გაიქცა", - უყვება "ინფო რუსთავს" დაზარალებული.
მისივე ინფორმაციით, ძალადობის შედეგად მიღებული დაზიანებებიდან გამომდინარე, დასჭირდა ჰოსპიტალიზაციაც.
"თავზე მქონდა სისხლჩაქცევები, ჰემატომები. ამძვრა თითზე ფრჩხილი. მარდალეიშვილის კლინიკაში ვიყავი მოთავსებული", - აცხადებს სახლის მეპატრონე.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
რუსთავის პოლიციამ 32 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. ამოღებულია ნაქურდალი ნივთები.
საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, რომ კაცი დაზარალებული ოჯახის მეზობლად ცხოვრობდა.