"მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ცოლის დახრჩობა სცადა" [video]

2024-05-24 20:19:25

რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულ 27 წლის გიორგი ფირაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. [ვიდეო/video]

გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ მიიღო.

სახელმწიფო ბრალდების მხრიდან დაყენებულ პატიმრობის შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საკითხი შეთანხმებული იყო ბრალდებულთანაც.

სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საქმეს დაემატა ახალი მუხლი და გამოძიება უკვე 27 წლის გიორგი ფირაშვილს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის გარდა, ძალადობასაც ედავება.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებული 1 წლის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა ცოლზე.

პროკურორის, ქეთევან სონაძის განცხადებით, ბიჭი ცოლს ზღუდავდა, არ აძლევდა თავისუფლად ცხოვრებისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას, ამცირებდა და მუდმივად შეურაცხყოფას აყენებდა მას.

"ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ხერხით ადამიანის ჩაგვრას და გენდერის ნიშნით შევიწროებას. კერძოდ, გოგონას საშუალებას არ აძლევდა ქმარი, სახლიდან გასულიყო, ურთიერთობა ჰქონოდა საკუთარი ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, მშობლებთანაც კი არ უშვებდა სახლში სტუმრად, ასევე უკრძალავდა მობილური ტელეფონით მათთან კომუნიკაციას, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს და ხშირ შემთხვევაში, სიტუაციის არაადეკვატურად აიძულებდა ჩაცმას", - ამბობს საქმის პროკურორი.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტის თვეში, ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობის შემთხვევასაც. როგორც სახელმწიფო ბრალდება ამბობს, ფირაშვილმა ცოლის, მარიამ სოფრომაძის დახრჩობა სცადა.

"ფიზიკური ძალადობის მხოლოდ ერთი ეპიზოდია ჩვენთვის ცნობილი, როდესაც საკუთარ საცხოვრებელ სახლში ბრალდებული თავს დაესხა დაზარალებულს, ყელში ხელებს უჭერდა და ახრჩობდა, რამაც მისი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნა გამოიწვია და დასჭირდა კიდეც სამედიცინო დახმარება. თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ფიზიკური ძალადობის სხვა ეპიზოდებსაც ეარსება მათ ცხოვრებაში", - აცხადებს ქეთევან სონაძე.

მისივე განმარტებით, ფიზიკური ძალადობის შესახებ ცნობილი იყო ბრალდებულის დედისთვისაც, თუმცა ის აღნიშნულს მალავდა.

რაც შეეხება მარიამ სოფრომაძის ოჯახს, მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით, პროკურორი ამბობს, რომ ძალადობის შესახებ პოლიციისთვის შეუტყობინებლობის მიზეზი, საზოგადოებრივი აზრის შიში და ოჯახის რეპუტაციის დაცვის მცდელობა გახდა.

კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს დაცვის მხარე. ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვების ძირითად ნაწილს, ადვოკატმა გიორგი ძოწენიძემ უპასუხა, რომ მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო, ბრალდებულს დეტალურად მასთანაც არ უსაუბრია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალების მიხედვით, გიორგი ფირაშვილმა იარაღი რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ შეიძინა, რაც ცოლს დაშორდა და აღნიშნულ სანადირო თოფს საკუთარ ავტომობილში ინახავდა. აღნიშნული ფაქტი, სახელმწიფო ბრალდებას, აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ახალგაზრდა კაცს დანაშაულის ჩადენა წინასწარ განზრახული ჰქონდა.

საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა, უკვე არსებითი განხილვა 16 ივლისს გაიმართება.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები