მუნიციპალური ავტობუსები კიდევ რამდენიმე ქუჩას მოემსახურება

2024-04-16 16:01:17

რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტს მალე ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაემატება.

ამის შესახებ მერმა "ინფო რუსთავს" განუცხადა.

"ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ მოსახლეობასთან ერთად აფხაზეთის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი დავგეგმეთ, იყო მოთხოვნა იმის, რომ მე-7 მე-8 მიკრორაიონშიც მეტად შემოსულიყო მუნიციპალური ტრანსპორტი. დღეს აქ მაცხოვრებლებს უწევთ შარტავაზე ჩამოვიდნენ, შარტავას მოედანია ერთადერთი ახლომდებარე ტერიტორია, საიდანაც შესაძლებლობა ეძლევათ, მუნიციპალური ტრანსპორტით ისარგებლონ. რეაბილიტაციის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ჩვენ აქ ავტობუსები გვეტარებინა. მას შემდეგ, რაც სამუშაოები დასრულდება, შევძლებთ, მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახუროს როგორც აფხაზეთის, ისე მე-7 მე-8 მიკრორაიონების დამაკავშირებელ ქუჩას და ასევე, ლომოურის ქუჩით გადავიდეს კლინიკა რუსთავთან", - განაცხადა ლაცაბიძემ.

მისივე ინფორმაციით, პროექტმა დასრულებული სახე მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში უნდა მიიღოს.