რა უნდა იცოდეთ, როცა ქუჩაში პოლიციელი გაჩერებთ

2024-04-12 18:45:13

რისი უფლება მაქვს? - ამ კითხვას თუ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საკუთარ თავს ხშირად დავუსვამთ და ბუნებრივია, კითხვებზე პასუხების გასაცემად გზებსაც ვიპოვით, ჩვენი ცხოვრების ხარისხი ხვალ გახდება გაცილებით უკეთესი.

ინფორმაცია ადამიანის უმთავრესი იარაღია. ძალიან რთულია მოატყუო ან მართო ისეთი მოქალაქე, რომელიც თუნდაც მინიმალური ინფირმაციითაა აღჭურვილი საკუთარ უფლებებთან დაკავშირებით.

მოსახლეობას ყოველდღიური შეხება აქვს სხვადასხვა უწყებასა თუ ორგანიზაციასთან, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ საბაზისო დონეზე მაინც, როგორ რეგულირდება ესათუის ურთიერთობა ჩვენსა და სხვადასხვა სუბიექტს შორის.

აქედან გამომდინარე, "ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა თქვენთვის მოეწოდებინა ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მაღალკვალიფიციური ადვოკატებისგან იურიდიული რჩევები.

დღევანდელი რუბირკის თემა საპოლიციო ღონისძიებებია. ამჯერად ინფორმაციას მაღალკვალიფიციური ადვოკატი, ლევან ჯალაღანია მოგვაწვდის.

"პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ მსგავსი ხასიათის ჟურნალისტური ნამუშევარი ხელს შეუწყობს საზოგადოებას, რომ აუმაღლდეთ სამართლებრივი ცნობიერება და პოლიციელებთან პირველ კონტაქტს მომზადებულები შეხვდნენ, რათა მათი უფლებები იყოს დაცული.

დასაწყისში მინდა ვთქვა, რომ პოლიციელი თავისი ფუნქციების განხორციელებისას ვალდებულია, დაიცვას ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ასევე, მან უნდა დაიცვას კანონიერების, გამჭვირვალობის, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერებისა და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპები.

მინდა საზოგადოებას კარგად განვუმარტო, რომ როდესაც პოლიციელის პირველი კონტაქტი მოხდება მოქალაქესთან, მოქალაქეს აქვს სრული სამართლებრივი უფლება, მოსთხოვოს მას, თუ რის საფუძველზე გააჩერეს.

აქვე მინდა განვმარტო, რომ სამართალდამცავს ეთიკის კოდექსით ეკრძალება, ადამიანებთან კომუნიკაციის დროს, საღეჭი რეზინის ღეჭვა, სიგარეტის მოწევა, მანქანიდან საუბარი და მზის სათვალის გაკეთება.

ალბათ ჩნდება კითხვა, ზოგადად, რა საპოლიციო ღონისძიებები ხორციელდება პოლიციელის მიერ? ესენია: პირის გამოკითხვა, პირის იდენტიფიკაცია, პირის მოწვევა გასაუბრების მიზნით, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება.

რას გულისხმობს პირის გამოკითხვა? როდესაც მოქალაქე ქუჩაში მიდის, დიახ, სამართალდამცავს აქვს უფლება, რომ პიროვნება გააჩეროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დაადგინოს მისი ვინაობა, ღიად და უშუალოდ ამ პირისგან, გამოკითხოს პერსონალური მონაცემები და მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.

კანონი ადგენს საფუძვლებს, როდის შეუძლია პოლიციელს მოქალაქის შეჩერება. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, ადამიანს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები. მასმედიით ხშირად ჟღერდება - ეძებენ ახალგაზრდა პიროვნებას, პოლიციელს ასეთ დროს აქვს უფლება, რომ თუ მოქალაქე გადაადგილდება ქუჩაში და გარეგნულად მიამსგავსებს დაკარგულ პირს, შეაჩეროს იგი. შეუძლია ასევე შეაჩეროს, თუ ძებნილ პიროვნებას მიამსგავსებს ან თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისა, რომ მან ჩაიდინა ან ჩაიდენს სამართალდარღვევას. ასევე, როდესაც პირს თან აქვს კანონით განსაზღვრული იარაღი, რომლის ტარებაც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას და ამ იარაღის ტარების უფლების დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია, სამართალდამცავს ამ შემთხვევაშიც ენიჭება მისი გაჩრების უფლება. ანალოგიური უფლება ენიჭება მაშინაც, თუ პირი იმყოფება დანაშაულის, საგზაო სატრანსპორტო ან სხვა საგანგებო შემთხვევის ადგილზე.

აქვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ისიც, რომ სამართალდამცავი უფლებამოსილია გამოკითხოს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ მას აქვს საპოლიციო ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო ინფორმაცია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ თემასთან დაკავშირებით, მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ პირის გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი. არ უნდა გაჩნდეს განცდა, რომ რადგან მას ეკითხებიან, ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს. ეს მცდარი შეხედულებაა, ადამიანზეა დამოკიდებული, მის ნება-სურვილზე და აბსოლუტურად დაშვებულია, რომ თქვენ უარი განუცხადოთ პოლიციელს.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ კანონის მიხედვით, პოლიციელს მოქალაქის შეჩერების უფლება 30 წუთის განმავლობაში აქვს.

მნიშვნელოვანი საკითხია პიროვნების იდენტიფიკაციაც. იდენტიფიკაციის მიზნით, პოლიციელს სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების უფლება აქვს. მათ შორის, აქვს ხელის ანაბეჭდის აღების უფლება, შეუძლია ასევე მოსთხოვოს სიმაღლის გაზომვა მოქალაქეს, ხმის ჩაწერა და რაც ყველაზე დიდ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს, აქვს ფოტო-გადაღების უფლება. ბოლოს საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოებაში ორაზროვანი დამოკიდებულებაა. ზოგ ადამიანს მიაჩნია, რომ ფოტოს გადაღება არის უკანონო, მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ ფოტოს გადაღების უფლება პოლიციელს აქვს, ოღონდ ამ შემთხვევაში სავალდებულოა იყოს რამდენიმე საფუძველი.

მაგალითად, მოქალაქე შეაჩერა პოლიციელმა მისი პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნით, მაგრამ მან არასრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა სამართალდამცავს, პირობითად, დაუმალა მისი ნამდვილი სახელი და გვარი ან სხვისი პირადობის მოწმობა აჩვენა. ამ შემთხვევაში, პოლიციელს უჩნდება საფუძველი, რომ ამ პიროვნების იდენტიფიკაცია ფოტოს გადაღების გზით მოახდინოს, ხოლო გადაღება აუცილებლად უნდა განხორციელდეს სპეციალური პროგრამის საშუალებით. ეს პროგრამა შესაძლებელია ჩამონტაჟებული იყოს პოლიციელის პირად ტელეფონში. სამართალდამცავი, მიუხედავად იმისა, რომ თავისი პირადი მობილური ტელეფონით გადაიღებს, ვალდებულია, სპეციალური პროგრამით გააკეთოს ეს და დაუშვებელია, მან თავის პირად ტელეფონში გადაიტანოს აღნიშნული ინფორმაცია.

ფოტოში უნდა მოხდეს პირის სახის გამოჩენა, ყველა ნაკვთი უნდა იყოს ძალიან მკაფიო და იძლეოდეს გარჩევის საშუალებას, პოლიციელი თუ ჩათვლის მიზანშეწონილად, შესაძლებელია, ტანიც გამოაჩინოს ნაწილობრივ ან სრულად. მას ასევე აქვს უფლება, თუ მოქალაქე ატარებს სათვალეს, პირბადეს ან ქუდს, სთხოვოს მოიშოროს ეს ნივთები და ისე მოხდეს გადაღება.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ პოლიციელი ვალდებულია, შეადგინოს ოქმი, როდესაც პიროვნების იდენტიფიკაციას ახორციელებს, მაგრამ კანონი ამბობს, რომ როცა პროგრამის საშუალებით ხდება ფოტოს გადაღება, მას აღარ უჩნდება ოქმის შედგენის ვალდებულება. ფოტოები კი შესაბამის ბაზაში მოხვდება და ინახება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. მონაცემთა შენახვისა და დაარქივების ვადებს შს მინისტრი განსაზღვრავს შესაბამისი ბრძანებით.

ამ თემის ირგვლივ, ძირითადად, საზოგადოების პროტესტს იწვევს ის, თუ რატომ ხდება ფოტოგადაღება, პრობლემებს ვაწყდებით საფუძვლებთან დაკავშირებითაც. შესაბამისად, მოქალაქემ პოლიციელს გარკვეულწილად უნდა გაუჩინოს განცდა და მოლოდინი იმის, რომ რაღაც დოზით გვაქვს ინფორმაცია ჩვენი უფლებების შესახებ, რაც სტანდარტსაც აწევს. როდესაც ვსაუბრობთ, რომ რაღაც არის ნაბეყოფლობითი და რაღაც სავალდებულო, თუ პოლიციელს გაუჩნდება განცდა, რომ მოქალაქეს არ ესმის კანონმდებლობა, შეიძლება ნებაყოფლობითობასთან დაკავშირებით არ მიაწოდოს სრული ინფორმაცია ან მიაწოდოს დამახინჯებით.

თუ ადამიანი პოლიციელს გამოკითხვაზე უცხადებს უარს, უნდა დაემორჩილოს სამართალდამცავი და გაუშვას, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც. თუ მაგალითად მას მიაჩნია, რომ ადამიანი ატარებს კანონსაწინააღმდეგო ნივთს, ამ შემთხვევაში კანონში წერია, რომ პოლიციელს აქვს უფლება, პროპორციული ძალა გამოიყენს, რათა აღკვეთოს სამართალდარღვევა ან მომხდარ დანაშაულზე მოახდინოს რეაგირება.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხის ირგვლივ საკონსტიტუციო სასამართლოც ხშირად მსჯელობს და ამბობს, რომ პოლიციელი მოქმედებს საკუთარი გამოცდილებით და მისი ყველა ქმედება ითვლება კანონიერად, სანამ ამის საწინააღმდეგო არ დადასტურდება. თუ მოქალაქე ჩათვლის, რომ შეჩერება, ფოტოგადაღება სამართალდამცავის მხრიდან მოხდა უკანონოდ, მას აქვს უფლება 3 დღის ვადაში მოითხოვოს ყველა დოკუმენტაცია, მიმართოს სამინისტროს და წერილობით მოსთხოვოს მის მიმართ განხორციელებული ღონისძიების შესახებ აქტი, შემდეგ კი სურვილის შესაბამისად იდავოს".


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები