გამომგონებელი რუსთავიდან

2024-04-09 16:48:04

ჩვენი დღევანდელი რუბრიკის გმირი რუსთაველი კახაბერ კობერიძეა. მან გამოიგონა სახლი, რომელიც ცუნამს უძლებს და ევროპის საპატენტო სამსახურიდან, პატენტის მოწმობაც მოიპოვა.

გამოგონებაზე, რომელსაც მსოფლიოსთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია, კახაბერი "ინფო რუსთავის" მკითხველს თავად უამბობს.

"ცუნამის კატასტროფის შესახებ არაერთი ფილმი შეიქმნა. ფილმებში წარმოდგენილი ცუნამის მოვარდნის სცენები რეალური შემთხვევებისგან შორს არაა და ნაკლები ზიანის მოტანა არ შეუძლია. ასე მოხდა, როდესაც 2004 წლის დეკემბერში, ინდოეთის ოკეანეში მომხდარმა ცუნამის კატარსტოფამ 250 000 ადამიანის მსხვერპლი მოუტანა მსოფლიოს. ნაკლები მსხვერპლი არ ყოფილა იაპონიაში 2011 წელს.

ძალიან რთული განცდაა, როდესაც დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩდება ადამიანი და არანაირი გადარჩენის შანსი არ არსებობს. ზუსტად ასეთი სცენის მაყურებელი გახდა მსოფლიო ინდოეთში მომხდარის დროს, როდესაც სანაპიროზე მყოფი დამსვენებლები პირწმინდად წალეკა და გადარჩენის შანსი ძალიან მცირე ნაწილს დაუტოვა. რადგანაც ცუნამის პრობლემა იყო, არის და იქნება, მსოფლიოს მოსახლეობა მომავალში უფრო მომზადებული უნდა დახვდეს ამ გამოწვევას და მაქსმილაურად უნდა მოხდეს მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა.

"შევქმენი სახლის პროექტი, რომელიც განკუთვნილია მოსახლეობის დასაცავად ცუნამის კატარსტროფის დროს. მას შეუძლია დაიცვას ადამიანები ცუნამის მოვარდნისაგან, 20-30  მეტრის და მეტი სიმაღლის ტალღებისგან. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით იურისტი ვარ და გამომგონებლობაზე არასდროს მიფქრია, მქონდა ერთი ჩვევა, რამაც გამომგონებლობისკენ მიბიძგა - ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა ადვილად გამომდიოდა. ჩემი პირველი გამოგონება იყო კვალის ამრევი ტაქტიკური ფეხსაცმელი, რომელიც საზოგადოებამ 2011 წელს გაიცნო.

ცუნამის ტალღის დამცავ საშუალებაზე მუშაობა 2005 წელს დავიწყე. მქონდა სხვადასხვა იდეა. პირველი საშუალება, რაც ამ პრობლემის გადასაჭრელად მოვიფიქრე, ლითონის კაფსულა იყო. 1,8 მ სიამღლის/დიამეტრის, რომელშიც საშიშროების დროს, ადამიანი მოთავსდებოდა და წყლის ტალღაზე იტივტივებდა. მაგრამ მისი მობილობის პრობლემის გამო, აღარ ჩავთვალე საჭიროდ განხორციელება. თუმცა, მოგვიანებით, 2012 წელს შემთხვევით შევიტყე, ერთ-ერთი იაპონელი გამომგონებლის მიერ მისი განხორციელების შესახებ და ძალიან გამიხარდა.

როგორც ამბობენ, გენიალურობა სიმარტივეშია! ცუნამის ტალღის დამცავი სახლის პროექტიც სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით შევქმენი. ჯერ დაიბადა იდეა, მოხდა მისი ფურცელზე გადატანა, შემდგომ გავაკეთე პლასტელინის შენობის პროტოტიპი და ჩავანაცვლე ხე-ბეტონის კონსტრუქციით. მისი მთავარი ელემენტი მახვილი სამკუთხა დამცავი კედელისაგან შედგება, რომელსაც შეუძლია მიიღოს და გააპოს ცუნამის ტალღა, მას გააჩნია მეტი სიფართე, ვიდრე უკან მდგომ შენობის მასას, რაც ერთგვაროვნად განაპირობებს წყლის მასის ნაკლებ კონტაქტს. დამატებით შენობას გააჩნია სამკუთხა გვერდითი კედლები, რომლებიც დამატებით მოვარდნილი ტალღების არეკვლას უზრუნველყოფენ. ამრიგად, მოვარდნილი ტალღა ვერ დაანგრევს შენობას და ხალხიც აღარ დაიღუპება.

შექმნილი მაქვს ჩემი გამოგონების პროტოტიპი და ჩემს პატარა "ცუნამის ლაბორატორიაში" ვაწარმოებ ცდებს. მიუხედავად გაწეული მუშაობისა, ჯერ თანამშრომლობის კონტარქტი არ გამიფორმებია, მხოლოდ მიმდინარეობს გაცნობითი თანამშრომლობა. იმედია, მომავალში თანამშრომლობის აქტიურ ფაზაში გადავალ და პირველი საცდელი საპილოტე პროექტი განხორციელდება.

განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ჩემს გვერდით იდგა და დამეხმარა. მათ გარეშე ნამდვილად ვერ შევძლებდი ამ წარმატების მიღწევას".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები