რუსთაველი სპორტსმენი საქართველოს ჩემპიონია

2024-03-14 18:11:13

7 ასპარეზობა 7-ვე რუსთავის სახელით და მოპოვებული ძალიან დიდი წარმატება.

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი გმირი ხვიჩა ნათენაძეა, რომელიც კიკბოქსინგში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ხვიჩა საკუთარ ისტორიას "ინფო რუსთავის" მკითხველს თავად უამბობს.

"დაკავებული ვარ საბრძოლო სპორტით. ვარ MMA-ს, კიკბოქსის, კუნგ-ფუ სანდას და ჯიუ-ჯიცუს მებრძოლი.

სპორტის ამ მიმდინარეობით ბავშვობიდანვე ვიყავი დაინტერესებული. მახსოვს, 15 წლის ასაკში ტელევიზორს ვუყურებდი და დავინახე კონორ მაკგრეგორი, UFC-ის 2 წონის ჩემპიონი. გამაოცა იმან, თუ როგორი ძლიერი იყო, როგორი მამაცი და როგორ უყვარდა ეს კაცი ხალხს. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ინტერესი და სიყვარული.


პირველი ბრძოლა MMA-ში გავმართე. სრულიად მოუმზადებელი ვიყავი, უბრალოდ ინტერესი მქონდა და ძალიან მომეწონა. ამის შემდეგ დავიწყე ვარჯიში უმაგრეს პიროვნებასთან და მწვრთნელთან, შალვა მამაცაშვილთან. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მან შემასწავლა საბრძოლო სპორტი, რის გამოც უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო შალვა მამაციშვილს და მის გუნდს - Old school MMA-ს. 

ამით ჩემი ოცნებების ასრულება დაიწყო. ამჟამად კლუბ "იმედს" წარმოვადგენ, მწვრთნელია გოჩა ჭულუხაძე, ძალიან კარგი ადამიანი და პროფესიონალია, ყველაფერში მიდგას გვერდით და პატივს მცემს.

ყველაზე სასიხარულო ჩემს სპორტულ კარიერაში ამ წელს მიღწეული წარმატება გახდა. 9 მარტს გავმართე ბრძოლა საქართველოს კიკბოქსის ჩემპიონატზე, 53 კილოგრამ წონით კატეგორიაში და გავიმარჯვე. ბრძოლა თავიდანვე ჩემს სასარგებლოდ წარიმართა, მესამე რაუნდში კი მეტოქე გავთიშე და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოვიპოვე. ამასთანავე, ჩემს წონით კატეგორიაში დავსახელდი ტურნირის საუკეთესო მებრძოლად.


ჩემი სამოყვარულო რეკორდი არის 6 გამარჯვება და 1 მარცხი. ვარ დაუმარცხებელი კიკბოქსში, ვარ დაუმარცხებელი MMA-ში, კუნგ-ფუში კი მაქვს ერთი მარცხი და ვყველანაირად ვცდილობ, ჩემი შედეგი გამოვასწორო. ამჟამად კუნგ-ფუ სანდას ორგანიზებით გასამართი ევრაზიის ჩემპიონატისთვის ვემზადები. ჩემიპონატი 17 მარტს შედგება. იმედია, შევძლებ გამარჯვებას და ჩემი ქალაქის, ჩემი ქვეყნის, ოჯახისა და გუნდის მაღალ ასპარეზზე გაყვანას ".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები