24 წლის რეაბილიტოლოგი რუსთავიდან

2023-12-24 19:00:29

ჩვენი დღევანდელი რუბრიკის გმირი 24 წლის რეაბილიტოლოგი, ნიკოლოზ ჭაბაშვილია. 

"ნიკოლოზ ჭაბაშვილი კლინიკა ანატომიას საოცრად მშვიდი რეაბილიტოლოგია, მის სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას პაციენტებიც გრძნობენ და სწორედ ამიტომ, მათ უდიდესი ნდობა აქვთ ნიკოლოზის მიმართ. მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და უამრავი პაციენტის შეცვლილი მომავალი გვაძლევს სიამაყის უფლებას და გვახარებს, რომ ის ჩვენი გუნდის წევრია", - ვკითხულობთ მასზე.

დანარჩენს კი, "ინფო რუსთავის" მკითხველს თავად ჩვენი რუბრიკის გმირი მოუყვება.

"მეც რუსთაველი ვარ ,მეც რუსთავში ავიდგი ფეხი და სკოლაც აქ დავამთავრე.


სკოლის დასრულებამდე, სანამ ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები არ გამოცხადდა, არ მქონდა გადაწყვეტილი თუ რომელ პროფესიას ავირჩევდი, რომელ პროფესიაში აღმოვაჩენდი ჩემს თავს, სარგებელს და ფიზიკურ შვებას მოვუტანდი როგორც ახლობელ, ისე სრულიად უცხო ადამიანებს. ჩემთვის ასეთი აღმოჩნდა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი.

ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში, პირველი სამი წელი უინტერესოდ და ძალიან ერთფეროვნად მიდიოდა, თუმცა ბოლო სასწავლო კურსზე, უშუალო შეხება მქონდა პაციენტებთან, რომელთაც ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებები ჰქონდათ და ტკივილებისაგან იტანჯებოდნენ, ჩვენი დახმარების შედეგად კი მათი მოტორული და ფიზიკური უნარები ნელ-ნელა უმჯობესდებოდა. ტკივილებისაგან შეწუხებულ სახეზე თანდათანობით ღიმილი და ხალისი ემატებოდათ, სწორედ ეს, სხვადასხვა სიმძიმის პაციენტების გამოჯანმრთელება-გაჯანსაღების პროცესი გახდა მოტივაცია და გადამწყვეტი მომენტი, რეაბილიტოლოგის პროფესიაში გადაშვებისა.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ჩემი პირველი სამსახური დღის ცენტრში - "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, ფიზიკური თერაპევტობა იყო. ამ საქმემ კიდევ ერთხელ დამანახა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები ნამდვილად არ არსებობს. მათთან მუშაობის პროცესმა მაჩვენა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანებზე ზრუნვას და ზოგჯერ რა მცირედია საჭირო ერთმანეთის გასაბედნიერებად.

დღეს უკვე ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის მაგისტრის ამპლუაში ვარ ხერხემლისა და ძვალ-სახსროვანი სისტემის სარეაბილიტაციო კლინიკა "ანატომიის" დიდი გუნდის წევრი, სადაც ძვალ-სახსროვანი სისტემის სხვადასხვა ტიპის დაავადების მკურნალობა ხდება, თანაც უნიკალური, მექანო-კინეზოთერაპიის გამოყენებით.


ჩემთვის პაციენტებთან კომუნიკაცია თერაპიების დროს დიდი სიამოვნებაა. ყოველდღიურად ყველა ასაკის ადამიანს ვხვდები, ბაღის აღსაზრდელებიდან დაწყებული (ბავშვებთან კომუნიკაცია და ურთიერთობა კიდევ უფრო დიდი სიამოვნებაა), ხანშიშესული ადამიანებით დამთავრებული. როდესაც პაციენტი სამკურნალო კურსის დასრულების შემდეგ გეუბნება, რომ საოპერაციო მაგიდაზე დაწოლას, ინვაზიურ ჩარევას გადაარჩინე და ყველანაირ პატივისცემას გამოხატავს შენი და შენი გუნდის წევრების მიმართ, ეს უდიდეს მოტივაციას გაძლევს იმისათვის, რომ არცერთ პაციენთან თავი არ დაზოგო და მის გამოსაჯანმრთელებლად შენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენო, შემდეგ კი მასთან ერთად იხარო მიღწეული დადებითი შედეგით.

ვისურვებდი, საქართველოში უფრო მეტად დაფასებული ყოფილიყოს რეაბილიტოლოგის პროფესია. ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებს სასწავლო პერიოდშივე უნდა მიეცეთ პრაქტიკული უნარების ათვისების შესაძლებლობა. გულსატკენია, რომ ჩვენს ქვეყანაში დღემდე არ არსებობს რეაბილიტაციის მიმართულებით მრავალფუნქციური სასწავლო ბაზა, სადაც სტუდენტი შეძლებს, სრულფასოვნად დაეუფლოს პროფესიას და დაეწიოს თანამედროვე გამოწვევებს.

სამწუხაროდ, დღემდე ბევრი ადამიანის წარმოდგენაში რეაბილიტოლოგობა მხოლოდ მასაჟისტობასთან ასოცირდება, რაც არასწორია. რეაბილიტოლოგობა მხოლოდ მასაჟის ცოდნას არ ნიშნავს. ამ პროფესიაში, ექვსი წლის განმავლობაში ეუფლები ადამიანის ანატომია-ფიზიოლოგიას, სწავლობ სხვადასხვა მეთოდს ძვალ-სახსროვანი დაავადებების სამკურნალოდ და მაინც, როცა იგებ, რომ შენ უბრალოდ მასაჟისტი ხარ, ცოტა გულსატკენი ფაქტია. კიდევ ერთხელ ვისურვებდი, უფრო მეტად ამაღლებული იყოს ცოდნა იმ მნიშვნელოვან პროფესიასთან დაკავშირებით, რასაც რეაბილიტოლოგი ჰქვია".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები