ახალგაზრდა რუსთაველი კაცი, რომელიც ოჯახთან ერთად საცხოვებლად რაჭაში დაბრუნდა

2023-11-05 18:23:19

"ინფო რუსთავის" დღევანდელ რუბრიკაში გაგაცნობთ ლევან კერვალიშვილს, ახალგაზრდა რუსთაველ კაცს, რომელიც მეუღლესთან, ეკატერინე ერაძესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად, რუსთავიდან რაჭაში საცხოვრებლად 5 წლის წინ დაბრუნდა.

ლევანი თბილისში, სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობდა, ეკატერინე სტომატოლოგად.

თავდაპირველად რაჭაში დასაქმება გაუჭირდათ, საცხოვრებელი პირობებიც რთული იყო, მაგრამ არ შეშინდნენ.

ახლა კი უკვე მცირე მარანი აქვთ და ლიმიტირებული რაოდენობის ბუნებრივ ღვინოებს აწარმოებენ.


"ოჯახთან ერთად გადმოვედი საცხოვრებლად რაჭაში, სოფელ სორში. მაშინ პირველი ბავშვი იყო 3 თვის, მეორე კი შემდეგ შეგვეძინა, აქ ცხოვრების პერიოდში. 

თითქმის მთელი ბავშვობა, ყველა სეზონზე, ყველა არდადეგებზე ჩამოვდიოდი ბებია-ბაბუასთან, ორი სოფელი გვაქვს აქ, დედაც ამბროლაურის რაიონიდან არის და იმ წლებმა, იმ ამბებმა და ისტორიებმა, რომელიც მე აქ გადამხდა და განვიცადე, მთლიანობაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი როლი შეასრულა ჩემს გადაწყვეტილებაში. 

მეუღლესაც ბებია ჰყავს რაჭველი, რაღაცანაირად ისე დაემთხვა, რომ ორივეს რაღაც საერთო გვაკავშირებდა ამ კონკრეტულ ადგილთან. 

რა თქმა უნდა, არ იყო გადაწყვეტილების მიღება ადვილი. ორივემ დავტოვეთ სამსახურები და ფაქტიურად ყველანაირი კაპიტალის გრეშე, ბედს მინდობილები, ასე რომ ვთქვათ, რაღაცა ინტუიციის ანაბარა წამოვედით აქ.


პირველი პერიოდი მართლაც ძალიან გაგვიჭირდა იმიტომ, რომ აქ არანაირი კომუნალური პირობები არ დაგვხვდა. იყო ძველი სახლი, 2012 წელს ბაბუა გარდაიცვალა, 2014 წელს ბებია, 2018 წელს ჩვენ ჩამოვედით, მანამდე კი სახლი ფაქტიურად დაკეტილი იყო. მოგეხსენებათ ძველი სახლის ამბავი. ძალიან ბევრი რამე იყო გასაკეთებელი და ახლაც გასაკეთებელია. 3 წელიწადი ფაქტიურად აბაზანა არ გვქონდა, ტუალეტი არ გვქონდა, ველურ პირობებში ვცხოვრობდით, შეიძლება ითქვას, ახლა კი ნელ-ნელა რაღაცებს მოვაბით თავი და გავაკეთეთ დროთა განმავლობაში. 

რა თქმა უნდა, პირველ პერიოდში უფრო მეტი წინაღობა იყო, უფრო მეტი რამე გექაჩება ადამიანს, რომ მოგწყვიტოს იმ რაღაცა ბუდეს, რომელსაც მიაგენი, სადაც თავს მართლა იდეალურად გრძნობ, მაგრამ გადავლახეთ ეს ეტაპები და დღეს ბევრად უფრო თავდაჯერებულები, ძლიერები და მომავლისადმი იმედიანად განწყობილები ვართ. 

გაგვიჭირდა ძალიან იმიტომ, რომ არ იყო სამსახური, თითქმის 2 წელიწადი სამსახური ვერ ვნახე, მეხმარებოდნენ ოჯახის წევრები და მეგობრები. რაღაც დროებითი, დღიური სამუშაოები აქაც იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, კერძო სექტორში დავსაქმდი. შემოსავალი იმდენი მაქვს, რამდენიც ამ გარემოში ადამიანს არსებობისთვის ეყოფა, მაგრამ მთავარი ჩემთვის ამ კონცეფციაში, რასაც რაჭა გულისხმობს და ეს მდგომარეობა რაშიც ვარ, სულიერი კომფორტი, სილაღე და თავისუფლებაა, რომელიც აქ მაქვს და არაფერი მატერიალური.


ამ ეტაპზე მცირე მარანი მაქვს და ლიმიტირებული რაოდენობით ვაწარმოებ ბუნებრივ ღვინოებს, რომელსაც ვყიდი საქართველოს ბაზარზე, რამდენიმე ბუნებრივი ღვინის ბარში. ასევე ადგილზე ვახდენ რეალიზებას ტურისტებთან. მომავალ წელს დაგეგმილი მაქვს ექსპორტიც.

4 წლის წინ აქ რომ მოვდიოდი საცხოვრებლად, ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ ეს გარემო ჩემთვის არ არის გეოგრაფიული არეალი, ლოკაცია. ეს გაცილებით უფრო მეტია. ჩემთვისაც და ყველა იმ ადამიანისთის, ვისაც მსგავსი გრძნობები აკავშირებს რაჭის მიმართ. ჩემს თავსაც და სამყაროსაც, აქედან მართლა განსხვავებულად აღვიქვამ. ამ გარემოსთან ადამიანი ერთიანი და განუყოფელია".