"მე თუ შემიყვარა ბავშვმა, ამით სამშობლო უყვარს"

2023-10-24 13:26:09

"პირველ რიგში მე ვუჩვენებ, როგორ მიყვარს თვითონ ბავშვი, ხედავ როგორ პატივს გცემ, რაებს გიკითხავ, რაებს გიჩვენებ, სად გასეირნებ, საითკენ თითი გაგიშვირე, რომ დაინახო. მე თუ შემიყვარა ბავშვმა ამით სამშობლო უყვარს",- ამის შესახებ "ინფო რუსთავთან" პედაგოგმა და ფსიქოლოგმა შალვა ამონაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, პატარა ბავშვებში საკუთარი ქვეყნის სიყვარული პირველ რიგში მშობლების სიყვარულით იწყება, რაც შემდგომ ფართოვდება.

"სულ პატარა ბავშვს პატრიოტიზმი სიტყვასაც ვერ ეტყვი. საიდან იწყება სამშობლო? დედით, მამით, საკუთარი სახლით, ეზოთი, მეზობლებით, შემდეგ ეს ფართოვდება, ჩემი სოფელი, ჩემი ქალაქი და მერე ვიგებთ, რომ აი მთებიც მქონია, მაგრამ სამშობლო და პატრიოტიზმი პირველ რიგში ხალხია.  ხალხი უნდა გიყვარდეს, მთები რომ მიყვარს და შენ არ მიყვარდე ეს რა პატრიოტობაა, მე უნდა მიყვარდეს ჩემი ხალხი, ჩემი ხალხის კულტურა და თუნდაც გადამასახლონ სადმე, იქაც სამშობლო გამყვება. აი ეს განცდები და გრძნობები შეგვიძლია აღვზარდოთ სულ პატარა ბავშვებშიც, მერე გავართულოთ. როგორ აღვზარდოთ? პირველ რიგში მე ვუჩვენებ, როგორ მიყვარს თვითონ ბავშვი, ხედავ როგორ პატივს გცემ, რაებს გიკითხავ, რაებს გიჩვენებ, სად გასეირნებ, საითკენ თითი გაგიშვირე, რომ დაინახო. მე თუ შემიყვარა ბავშვმა, ამით სამშობლო უყვარს. არ შეიძლება სამშობლო მივაჯაჭვოთ მიწას, ესაა სამშობლო და სხვა არაფერი, იმ მიწაზე ვინ ცხოვრობს? ასე იწყება სამშობლოს სიყვარული და მისი თანდათან გაფართოება, მერე უკვე სამშობლოს დამცველიც ვხდები, მისი კულტურისაც, მისი ღირსებისა, მომავლის და ვიცავ ყველაფერს",- განაცხადა შალვა ამონაშვილმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები