"სარდაფები გვაქვს წყლით სავსე" [photo]

2023-10-13 15:45:37

რუსთავში, დავით გარეჯის N19 კორპუსში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

როგორც მოსახლეობამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, უკვე წლებია კორპუსის სარდაფებში წყალი დგება.

მათივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში, აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, დახმარებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

"სარდაფები გვაქვს წყლით სავსე. სათლებით ვეზიდებოდი ტონობით წყალს, ამ სათლებმა იმდენად დამტანჯა, რომ ოპერაციაც კი დამჭირდა. მივიდოდით მე და კორპუსის თავმჯდომარე, დავწერდით განცხადებებს, მოვიდოდნენ, დახედავდნენ, იტყოდნენ ხვალ მოვალთო და დაიკარგებოდნენ. წყალკანალში და მერიაში შეგვქონდა განცხადებები. არავინ არ მოდის და ყურადღბას არ გვაქცევს, იქნებ დაგვეხმაროთ", - აცხადებს კორპუსის მცხოვრები.

საკითხთან დაკავშირებით რუსთავის მერიას დავუკავშირდით.

მერიაში აცხადებენ, რომ ყველა პრობლემა, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტს ეხებოდა, მოგვარებულია. 

"სანიაღვრე სისტემის პრობლემა იყო და მოგვარებულია. ასევე, შიდასაკანალიზაციო ქსელზე რაც იყო გამოსაცვლელი, რუსთავის კორპუსმა გამოცვალა. სხვა სამუშაოები კომპანია რუსთავის წყალს ეხება", - განუცხადეს საინფორმაციო სააგენტოს მერიის პრესსამსახურში.

ბუნებრივია, "ინფო რუსთავი" "რუსთავის წყალსაც" დაუკავშირდა. კომპანიაში ამბობენ, რომ პრობლემას შეისწავლიან და მისი მოგვარების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდება.

"კომპანია "რუსთავის წყლის" ცხელ ხაზზე, დღეს, 13 ოქტომბერს, თქვენს მიერ მოწოდებული მისამართიდან - დავითგარეჯის ქუჩა N19, წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების შესახებ შეტყობინება არ შემოსულა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კომპანიის ტექნიკური ჯგუფი გავა ადგილზე, დავითგარეჯის ქუჩა N19-ში მდებარე შენობასა და მიმდებარე პერიმეტრი დათვალიერება მოხდება და პრობლემის მოსაგვარებლად ჩატარდება შესაბამისი ღონისძიებები", - განაცხადეს კომპანიაში.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები