"უცხოელებისთვის საქართველოში სუროგაცია აიკრძალება"

2023-06-13 12:22:20

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვით, უცხოელი წყვილებისთვის საქართველოში სუროგაცია აიკრძალება და ეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.

რეგულაციის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ისაუბრა და მისი შემუშავების მიზეზებიც დაასახელა:

"ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილია, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული. უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთავს, ასე ვთქვათ, უხეშად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება, ეს ონლაინაც არის, ძალიან ბევრი რეკლამა ვრცელდება და ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება.

ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს, სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ იცის, აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, რომელ წყვილს გაჰყავს. არსებობს ინფორმაცია, შეიძლება ერთსქესიან [ერთი და იმავე სქესის მქონე - რედ.] წყვილებს გაჰყავთ. უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს", - თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, იტალია, ლიტვა, ესტონეთი სუროგაცია სრულად არის აკრძალული, ხოლო ბელგიაში, გაერთიანებულ სამეფოში, დანიაში, კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ნაწილობრივაა დაშვებული.

პრემიერის განცხადებით, შესაბამის კანონპროექტზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს და იგი პარლამენტში გადაიგზავნება.

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის თქმით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, სუროგატობის და დონორობის მსურველებს კომპენსაციის მხოლოდ იმ ოდენობის აღება შეეძლებათ, რომელიც ორსულობასა და მშობიარობასთან აუცილებელ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

„მნიშვნელოვანი და პრინციპული, რაც ამ კანონით რეგულირდება, არის უანგარობის პრინციპი. საქართველოს მოქალაქე, ვისაც სურს იყოს დონორი ან სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე და მხოლოდ და მხოლოდ ის კომპენსაცია მიიღოს, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან, ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან მშობიარობასთან დაკავშირებულ ხარჯებს“, - განაცხადა მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თუ ხუთი წლის წინ დონორებისა და სუროგატების რაოდენობა წლის განმავლობაში დაახლოებით 1000 ადამიანი იყო, ახლა ეს რიცხვი 2000-ს აღწევს.

როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან აღნიშნა, რეპროდუქციული ტურიზმის მიმართულებით საქართველო იმიტომ იყო მიმზიდველი, რომ არც დონორობა და არც სუროგაცია არ რეგულირდებოდა.

"თუ ხუთი წლის წინ, ერთი წლის მონაცემებით, როგორც სუროგაციით, ისე დონორობით დაახლოებით 1000 ადამიანი იყო დაკავებული, ახლა ეს რიცხვი 2000-მდე გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროცესი საკმაოდ ძვირადღირებულია, დამკვეთები, ძირითადად, არ არიან საქართველოს მოქალაქეები.

რეკომენდაცია, რომ აღნიშნული სფერო დარეგულირდეს, 2004 წლიდან გვაქვს. საქართველო რეპროდუქციული ტურიზმის მიმართულებით იმიტომ არის მიმზიდველი, რომ საერთოდ არ რეგულირდება არც დონორობა, არც სუროგაცია. ამ მიმართულებით არანაირი აღრიცხვა არ ხდება. არის როგორც სიცოცხლის რისკთან დაკავშირებული პრობლემები, ისე სხვადასხვა სოციალური პრობლემები. სუროგაციასთან დაკავშირებული რეკლამები მოტივაციის გამჩენი ხდება და ადამიანები შეიძლება შეცდნენ. ამის დარეგულირება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ის, თუ რა ხდება სხვა ქვეყნებში, მარტივად მოსაძიებელია. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში სუროგაციის გზით ბავშვის დაბადება საერთოდ აკრძალულია. ზოგიერთ ქვეყანაში შედარებით კომპრომისული პირობებია და ჩვენ მათი მაგალითი გვაქვს გადმოტანილი. ჩვენთან პროცესი არ არის კომერციული და ასევე, კანონი შემოვსაზღვრეთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებით“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.