სკვერების დაზიანება დასჯადი ხდება.
პარლამენტი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავს.
კანონპროექტის თანახმად, დგინდება ჯარიმები ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა სკვერების თვითნებური გადათხრა, სამშენებლო მასალებით ჩახერგვა და გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვება.
რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, ზემოაღნიშნული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1000 ლარით.
იმ შემთხვევაში კი სამართალდარღვევა ჩადენილია კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1 000 ლარით, იურიდიული პირი კი 3 000 ლარით.
სამართალდამრღვევს დაეკისრება ვალდებულება, რომ სკვერში არსებული დაზიანება დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში გამოასწოროს. დარღვევის გამოუსწორებლობა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 3000 ლარის ოდენობით.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეფასებით, აღნიშნული ცვლილება ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ხელს შეუწყობს სკვერებში სისუფთავის სათანადო დაცვას.
"ამასთან დაჯარიმებას დაექვემდებარა უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამუშაოების წარმოებისათვის დადგენილი პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობაც, რაც ერთი მხრივ, მიმდინარე სამუშაოების შესრულების პროცესს გახდის უფრო ეფექტიანს და მეორე მხრივ, უფლებამოსილ ორგანის მისცემს სამართლებრივ საფუძველს შესაბამისი სანქცია დააკისროს დამრღვევს, ვინაიდან სანქციის არარსებობის შემთხვევაში, წესების დადგენა აზრს კარგავს“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.
წყარო: ბიემჯი