როგორ გავუმკლავდეთ უძილობას

2023-06-04 12:28:09

უძილობა ჩვენი თაობის ერთ-ერთ გავრცელებულ და რთულად გადალხვად პრობლემას წარმოადგენს. "ინფო რუსთავის" სამედიცინო რუბრიკაში - პრობლემასთან დაკავშირებით ნევროლოგი - ლილი ჩირგაძე საუბრობს. ,,უძილობა არის ძილის პერიოდის შემცირება, რომელსაც თან ახლავს ძილის ხარისხის დარღვევა” - ამბობს ლილი ჩირგაძე.

ნევროლოგის განმარტებით, ძილის ხარისხის დარღვევა მოიცავს დაძინების შეფერხებას, ზერელე ძილს, კოშმარულ სიზმრებს, ადრე გაღვიძებას და გაღვიძების შემდგომ გადაღლილობის შეგრძნებას. ამის საფუძველი შეიძლება იყოს სტრესი, შფოთვა, დეპრესია, შიმშილი, ასევე უძილობაზე ენერგეტიკული სასმელების მიღებაც ახდენს გავლენას.

დიაგნოზის დასმა მას შემდეგ ხდება, რაც ძილის ხანგრძლივობის შემცირება ფიქსირდება. ძილის ხანგრძლივობა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში განსხვავებულია, იგი ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. თუმცა, როდესაც ამას თან ახლავს ხელშემშლელი ფაქტორები, მაშინ უკვე დიაგნოზის დასმა ხდება. თუ ძილის დარღვევა ორ კვირაზე დიდხანს გრძელდება, პრობლემას შეიძლება უძილობა ვუწოდოთ.

ნევროლოგი ლილი ჩირგაძე საუბრობს იმაზეც, თუ რას იწვევს უძილობა. პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს ხშირი თავის ტკივილი, სხეულის კანკალი, კოორდინაციის დარღვევა, რაც ავარიის რისკსაც ზრდის, იმუნური სისტემის დაქვეითება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გახშირება.

ლილი ჩირგაძის რეკომენდაციით, მშვიდი ძილის ხელშეწყობისთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგმა არის შესაძლებელი, როგორიცაა მყუდრო გარემოს შექმნა, ძილის წინ საკვების, კოფეინის, ალკოჰოლის, ენერგეტიკული სასმელების მიღებისგან თავის შეკავება, ტელევიზორის, ტელეფონის ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვა.

"გაჯეტები, მაგალითად ტელეფონი - განსაკუთრებით იწვევევს ადამიანის გაღიზიანებას, რის შედეგადაც მას უჭირს დაძინება, იღვიძებს თავის ტკივილითა და დაღლილობის შეგრძნებით. შეიძლება გარკვეული რიტუალის ჩამოყალიბებაც” - ამბობს ლილი ჩირგაძე. ყველა ადამიანს ძილის წინ შეიძლება თავისზე მორგებული რიტუალი ჰქონდეს, როგორიცაა, მაგალითად შხაპის მიღება, გარკვეული დროის განმავლობაში წიგნის კითხვა, მსუბუქი მუსიკის მოსმენა.