რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა. ცვლილებები ბიუჯეტის პროექტში რუსთავის საკრებულოს სხომაზე იქნა განხილული და ხმათა უმრავლესობით, დამტკიცდა.
საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე მომხსენებელი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, მამუკა მამაიაშვილი იყო.
მისი განცხადებით, ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილმა მიზნობრივმა ტრანსფერმა, სანებართვო მოსაკრებლის ნაწილში თანხის ზრდამ და ასევე, ხარჯვით ნაწილში გამოთავისუფლებულმა თანხებმა გამოიწვია.
როგორც საკითხის შესახებ მომზადებულ განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 17 500 ლარის ოდენობით მიზნობრივი ტრანსფერი გამოიყო, სანებართვო მოსაკრებელი 200 000 ლარის ოდენობით გაიზარდა, ხარჯვით ნაწილში გამოთავისუფლებულმა თანხამ კი 918 800 ლარი შეადგინა.
დამატებით მობილიზებული სახსრები სხვადასხვა მიმართულებაზე გადანაწილდა.
აღსანიშნავია, რომ 17 500 ლარი სკოლებში ტრანსპორტირებასა და ინფრასტრუქტურის მოწყობა/რეაბილიტაციას მოხმარდება, 200 000 ლარი კი რაგბის კლუბის ხელშეწყობას. სხდომაზე გაჟღერდა, რომ აღნიშნული ხელშეწყობის ფარგლებში, მორაგბეებისთვის ხელფასების ზრდაც არის დაგეგმილი.
ამ ეტაპზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი 108 867 900 ლარითაა განსაზღვრული.