"რუსთავის აზოტი" გაიყიდა

2023-01-13 13:32:38

"რუსთავის აზოტი" გაიყიდა. საწარმოს 100%-იანი წილის ახალი მესაკუთრე Indorama Corporation გახდა. უცნობია, რა თანხად იყიდა სინგაპურში მოქმედმა კორპორაციამ კომპანია.

"რუსთავის აზოტის" გენერალური დირექტორის პოზიციაზე ლევან ბურდილაძე რჩება. ხომ არ გეგმავს ახალი მფლობელი რეორგანიზაციას, მოხდება თუ არა თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა და ზოგადად, რა გეგმები აქვთ მესაკუთრეებს საწარმოში? დამატებითი ინფორმაციისთვის ბურდილაძეს დავუკავშირდით.

ბურდილაძის თქმით, რუსთავის აზოტში არანაირი რეორგანიზაცია არ იგეგმება. ახალი მფლობელების მთავარი პრიორიტეტები კი ტექნიკურად კიდევ უფრო განვითარება და გარემოზე მაქსიმალურად ზრუნვაა.

"ეს ძალიან კარგი ამბავია რუსთავისთვის და რუსთაველებისთვის, რადგან რუსთავის აზოტი შეიძინა მსოფლიო ქიმიური მრეწველობის გიგანტმა, ეს არის სიგაპურული კომპანია, მულტინაციონალური, მინდა ხაზი გავუსვა ამას. ამ კომპანიას გააჩნია საწარმოები 38 ქვეყანაში, ყველა კონტინენტზე არიან წარმოდგენილი. ჯამურად, ჰყავთ 45 000 თანამშრომელი და 10 მილიონამდე ტონა სასუქებს აწარმოებენ დღეის მდგომარეობით.

მათი სტრატეგიაა, რომ გლობალურად განვითარდნენ და გაიზარდონ. საქართველომ, როგორც ინვესტიციებისათვის ძალინ მომხიბვლელმა ქვეყანამ, მიიქცია მათი ყურადღება. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებიბდნენ ჩვენს საწარმოს და რამდენიმე დღის წინ შეიძინეს კიდეც.

გეგმები აქვთ მხოლოდდამხოლოდ განვითარების, გაფართოების, ახალი საწარმოო სიმძლავრეების ექსპლუატაციაში შესვლის. მათ გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა და დარწმუნებული ვარ, ამ გეგმებს რეალიზებას გაუკეთებენ. არანაირ რეორგანიზაციებზე საუბარი არ არის. მათი პოლიტიკაა საწარმო ტექნიკური თვალსაზრისით განავითარონ, პრიორიტეტია ასევე გარემოსდაცვა, შრომის პირობები, შრომის უსაფრთხოება და ბუნებრივია, გადაიარაღება არსებული ტექნიკური ინფრასტრუქტურის.

რაც შეეხება ხელფასებს, ჯერ კიდევ გასხვისებამდე, ჩვენ გვქონდა გადაწყვეტილება მიღებული, რომ წელს, პირველ კვარტალში მოხდებოდა ხელფასების ზრდა. მას შემდეგ, რაც საქსტატი გამოაქვეყნებს გასული წლის ინფლაციის ინდექსს, ასეთი პირობა გვაქვს მიცემული თანამშრომლებისთვის, მინიმუმ იმ ინდექსით მოხდებ მატება. რა თქმა უნდა, ეს პირობა შესრულდება", - განაცხადა ბურდილაძემ.

"რუსთავის აზოტის" 100%-იანი წილის მესაკუთრე აქამდე სს "ე უ ინვესთმენთი" ოყო.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები