ახალქალაქში, ე.წ სამხედრო დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში, აფეთქება მოხდა.
ადგილობრივების თქმით, კორპუსში მცხოვრებ ქალს სასაჩუქრე ყუთით ასაფეთქებელი ნივთიერება გუგზავნეს.
"სახლში ვიყავი, მე მეოთხეზე ვცხოვრობ, ეს გოგო მესამეზე. მეორე სართულზე მქონდა საქმე, სახლიდან რომ გამოვედი მაშინ აფეთქდა. უცბად ცეცხლი გაჩნდა, ამ დროს კარი გაიღო და ეს გოგო გამოვარდა ყვირილით. არ ვიცოდი რა მოხდა. მეზობლები გარეთ გამოვრბოდით, გაზი გვეგონა, მაგრამ ინგამ გვითხრა რომ გაზი არ არის, ეს ერთი აფეთქება იყო და მეტი არ იქნებაო. არ ვიცი რა იყო მაგრამ, რაღაც ძლიერი აფეთქდა, მე მის ზემოთ ვცხოვრობ და ჩემი სახლიც დაზიანდა",- ამბობს ქალის მეზობელი.
ქალის ერთ-ერთი ახლობელი ყვება, რომ აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე, მეზობელმა სახლის კართან სასაჩუქრე ყუთი შენიშნა, რომელიც მოგვიანებით სახლში შეიტანეს.
"ჩემთან შეიყვანეს სახლში, შეშინებული იყო, დაზიანებები არ ჰქონდა. მეზობელს დაუნახავს, რომ კარებთან იდო საჩუქრის ყუთი, შამპანურები და ტორტი ყოფილა. ინგამ როგორც პოლიციელებს მოუყვა, ყუთი რომ გაუხსნია, იქ ყოფილა კიდევ რაღაც შეხვეული. არ ვიცი რა იფიქრა, ვიღაცისთვის დაურეკავს, შიგნით კიდევ მწვანე რაღაც დევსო. ეს ოთხში დასარეკად გასულა, ამ დროს სამზარეულოში აფეთქებულა",- თქვა მალხაზ მაისურაძემ.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს, მათივე ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე