იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი

2022-11-29 18:13:25

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშაა. იუსტიციის სამინისტროში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ბეგაძემ თქვა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს კვლევა აქვს ჩანიშნული.

"დღეს ხშირად ვრცელდება მკურნალობის მიზნით მსჯავრდებული სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა. უნდა შევახსენო ყველას, რომ მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში და მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია...

გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ სააკაშვილს ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს მის მკურნალობაში", - თქვა მინისტრმა.

ბრეგაძე ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობით შეუძლებელია მსჯავრდებული პატიმრის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესაძლებლობა. რაც შეეხება სასჯელის გადავადებას, მინისტრის თქმით, შესაბამისი მიმართვა სასამართლომ უნდა განიხილოს წარდგენილი დასკვნების საფუძველზე.

მინისტრს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, "ფაფის ჭამის კადრებისგან" განსხვავებით, ახლა რატომ არ საჯაროვდება სააკაშვილის პალატიდან გადაღებული ვიდეომასალა, როცა მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს.

"კადრების ნახვა თუ არ ნახვა, ჩვენი შიდა სამსახურებრივი საკითხებია, რომელზეც არ ვაპირებ საჯაროდ საუბარს... თუ კარგად გაიხსენებთ, როდესაც საუბარი იყო წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, რომ თითქოს მას თავს დაესხა ვინმე, როდესაც ხდებოდა გარკვეული ჯგუფების მობილიზება და რისკები არსებობდა სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნით, სწორედ ამ მიზნით იქნა ნაჩვენები. მსგავსი ტიპის შედარება არის სრულიად არარელევანტური", - უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტებს.

მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილმა უარი თქვა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გადაემოწმებინა მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ ადვოკატების გავრცელებული ინფორმაცია:

"მსჯავრდებულ სააკაშვილს მიეწოდება მხოლოდ ის საკვები, რომელსაც აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებზეც განაცხადა მან თანხმობა. შესაბამისად, როცა ვინმე ბედავს და საუბრობს ან საკვებზე ან მედიკამენტებზე, კეთილი ინებოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს".

მინისტრმა ასევე ისაუბრა მიზეზზე, რის გამოც მიხეილ სააკაშვილი არ გაიყვანეს "ვივამედის" კლინიკიდან სასამართლო პროცესზე.

"მსგავსი პრაქტიკა, რომ მსჯავრდებული გადიოდეს სამკურნალო დაწესებულებიდან სასამართლოში, არ არის. როდესაც ადამიანი იმყოფება საავადმყოფოში, ის იმყოფება იმიტომ, რომ უნდა იმკურნალოს და შესაბამისად, სასამართლოში გასვლა არ არის რეკომენდებული. სასამართლოში გასვლა მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, როდესაც პირი იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში", - თქვა მინისტრმა.