შეღავათები პირადობისა და პასპორტის აღებაზე

2022-10-27 12:00:45

2022 წლის 26 ოქტომბერს, საკანომდებლო მაცნეზე საქართველოს მთავრობის №504 დადგენილება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, ცვლილება შევიდა "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის შესახებ ბრძანებაში".

მომსახურეობის საფასურის ნაწილში ცვლილებები იმ სტუდენტებსაც შეეხოთ, რომლებსაც პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე აღნიშვნული აქვთ "სტუდენტის" სტატუსი.

დადგენილებაში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვკითხულობთ, რომ სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით "სტუდენტი" და უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით, თავისუფლდებიან სტანდარტული გადასახადისგან გარკვეულ დოკუმენტებზე და 10 და 5 პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

როგორც იუსტიციის სახლში განმარტავენ, ფასდაკლებები იმოქმედებს როგორც პირადობის, ისე ბიომეტრიული პასპორტის აღების შემთხვევაში.

"სტუდენტს სტანდარტულ ფასთან შედარებით 10%-ით ნაკლების გადახდა მოუწევს პირადობის მოწმობაში. მაგალითად თუ 10 სამუშაო დღეში სურს მომსახურეობის მიღება, სტანდარტული 60 ლარის ნაცვლად, გადაიხდის 50 ლარს. ხოლო ბიომეტრიული პასპორტის აღების საფასური, 150 ლარის ნაცვლად, იქნება 142 ლარი და 50 თეთრი, სტანდარტულ საფასურს დაექვითება 5%-" (იქვითება ფოტოს გადაღების საფასურიც)", – განმარტავენ იუსტიციის სახლში.

ამ ინფორმაციასთან ერთად, უწყებაში დაგვიკონკრეტეს დოკუმენტების სტანდარტული ღირებულებებიც, მოცდის ვადებთან ერთად.

"პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღების შემთხვევაში, სტანდარტული ღირებულება და ვადები განისაზღვრება: 10 სამუშაო დღეში-60 ლარით, 5 სამუშაო დღეში – 80 ლარით, 3 სამუშაო დღეში – 100 ლარით, მე-2 სამუშაო დღეს – 120 ლარით, იმავე დღეს – 150 ლარით. ბიომეტრიული პასპორტის მიღების ვადა და საფასური განისაზღვრება: მე–10 სამუშაო დღეს – 150 ლარით; მე–5 სამუშაო დღეს – 180 ლარით; მე–3 სამუშაო დღეს – 225 ლარით; მე–2 სამუშაო დღეს – 300 ლარით".

 

წყარო: edu.aris.ge