საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა მერის უფლებამოსილების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს

2022-11-01 18:14:57

მუნიციპალური ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა საკრებულოსთან ერთად მერის უფლებამოსილების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს.

პარლამენტში ინიცირებულია "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილებების პროექტი, რომლის საფუძველზეც საკრებულოსა და მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან, ასევე სახელმწიფო მმართველობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად წესრიგდება.

კოდექსში ცვლილებები პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა და მასთან ერთად, უმრავლესობის დეპუტატებმა: ვიქტორ ჯაფარიძემ, ანტონ ობოლაშვილმა და ირმა ზავრადაშვილმა წარადგინეს.

კოდექსში ცვლილებების ინიციატორები ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის მერისთვის დაკისრებას საკანონმდებლო ხარვეზად აფასებენ. მათი აზრით, ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს და არა - მერი, ამიტომ არათანაზომიერია, ასეთ დროს მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირს - მერს უფლებამოსილება ვადამდე უწყდებოდეს.

უფრო კონკრეტულად, "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის მიხედვით, თუკი საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს არ დაამტკიცებს, როგორც საკრებულოს, ასევე მერს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება.

მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცება შემდეგი წესით ხდება - ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს მუნიციპალიტეტის მერი წარუდგენს. საკრებულოს შეუძლია არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით მერს უკან დაუბრუნოს, რომელიც თავის მხრივ, უფლებამოსილია გაითვალისწინოს ან უცვლელი ფორმით დაუბრუნოს საკრებულოს იგი. თუკი მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ან პირვანდელი რედაქცია არ დაამტკიცა, საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეუძლია ბიუჯეტის პროექტი დააინიციიროს, რომლის დასამტკიცებლადაც საჭიროა სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედის თანხმობა. მოქმედი კოდექსის გათვალისწინებით, ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერს ვადამდე უფლებამოსილებას უწყვეტს.

"სწორედ საკრებულოა უფლებამოსილი საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. თუკი წარდგენილი ბიუჯეტის პროექტების დამტკიცება ვერ ხერხდება, აქ იკვეთება საკრებულოს და არა მერის პასუხისმგებლობა. კანონის მოქმედი რედაქცია ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის თაობაზე პასუხისმგებლობას ანიჭებს საკრებულოსაც და მერსაც, თუმცა რეალურად, ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში საბოლოო ბერკეტი საკრებულოს ხელშია, რადგანაც სწორედ ის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ასევე საბოლოო ეტაპზე თავად შეუძლია დაამტკიცოს ბიუჯეტის ის პროექტი, რომელიც მერის მხრიდან ინიცირებულ ბიუჯეტის პროექტში შენიშვნებს ითვალისწინებს", - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

ამავე ცვლილებების ფარგლებში, მერის უფლებამოსილებებს საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში ახალი უფლებამოსილება ემატება - კერძოდ, მერს შეეძლება საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა ან დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვოს. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე საკითხის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს განმარტავს, რის შემდეგაც საკითხის კენჭისყრაზე დაყენება სავალდებულო იქნება.

საკითხის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე გადაწყვეტილება განხილვის გარეშე, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით მიიღება.