ევროპარლამენტში საქართველოზე დებატები გაიმართა

2023-03-15 11:27:30

14 მარტს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დებატები გაიმართა.

ევროპარლამენტარებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე ისაუბრეს.

სხვადასხვა ევროპარლამენტარის განცხადება:

პეტრას აუსტრევიჩუსი -"მინდა დავიწყო იმით, რომ მივულოცო საქართველოს მოსახლეობას ის, რომ დაიჭირეს ძალიან მყარი პოზიცია რუსული კანონის წინააღმდეგ და მინდ გამოვთქვა სამოქალაქო საზოგადოებითა და საქართველოს მოსახლეობით ჩემი აღფრთოვანება და კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია და ასევე უნდა შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, რომელიც იყო მოწამლული და დაპატიმრებულია საქართველოში“, - განაცხადა პეტრას აუსტევიჩუსმა, რომლის თარგმანიც „მთავარ არხს“ ეკუთვნის.

სვენ მიქსერი - "ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირის მხარდაჭერა ძალიან მაღალია და ჩვენ საქართველოს ევროპულ მომავალს ყოველთვის ვუჭერდით მხარს. ჩვენ აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი ამ მისწრაფებებს. ვნახეთ ძალიან ბევრი პრობლემა - სასამართლო რეფორმის და კანონის უზენაესობის მხრივ და საქართველოს მთავრობის მცდელობა, რომ აგენტების კანონი მიეღო, ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რა პრობლემებია სახელმწიფოში. ეს ძალიან შემაშფოთებელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი გაწვეულია, სახელმწიფოს რიტორიკა და ნარატივი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი არაა“,- განაცხადა სვენ მიქსერმა, რომლის განცხადების თარგმანიც „მთავარ არხს“ ეკუთვნის.

ვიოლა ფონ კრამონი - "კოლეგებო, ყველა ნიღაბი მოხსნილია! საქართველოს მთავრობის პოზიცია გამოჩნდა, მაგრამ მოსახლეობა ამ პოზიციას არ მიიღებს. არ არსებობს, რომ საქართველოს მოსახლეობა დაბრუნდეს უკან, რუსეთში. ქართველი ხალხი ძალიან განსხვავდება საქართველოს მთავრობისგან. ყველა გავიდა გარეთ და გაგვაგებინა თავისი ხმა ბრიუსელში, მოსკოვში და ა.შ. არა მხოლოდ თბილისში, ბათუმში და ქუთაისში იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ "თქვენ ვერ დაწვავთ ჩვენ ევროპულ იდენტობას, ევროკავშირის დროშის დაწვით, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის".

ოლივერ ვარჰეი - "წინა კვირის განმავლობაში ათასობით ქართველმა ისარგებლა უფლებით მშვიდობიანად გაეპროტესტებინათ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის დამტკიცება.

ქვეყნის მასშტაბით ქალები და კაცები ქუჩაში გავიდნენ, ეჭირათ ევროკავშირის დროშები, რათა დემოკრატიისადმი, ევროპული ღირებულებებისადმი და საქართველოს ევროკავშირისკენ გზისადმი მათი ერთგულება გაეხსენებინათ.

ამ დემონსტრაციის შემდეგ მმართველმა პარტიამ წინა ხუთშაბათს თავის გადაწყვეტილება დააანონსა, გაეწვია ეს კანონი, რომელიც პარლამენტის მიერ შემდეგ დღეს იქნა ჩაგდებული. ორივე კანონპროექტის გაწვევა გამამხნევებელი და პოზიტიური ნიშანია. ქართველების მომავალი ევროკავშირშია.

წინა ივნისს მიცემულმა ევროპულმა პერსპექტივამ ევროპული გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში უფრო ახლო ურთიერთობების კურსი ჩამოაყალიბა, რომელიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გრძელვადიან თანამშრომლობას ეყრდნობა.

საქართველოს მიმართ სტანდარტების მხრივ ევროპული მხარე მაღალ თამასას აყენებს და საქართველომ ღირებულებები უნდა დააკმაყოფილოს. ეს გულდასმით მუშაობას და რეფორმების იმპლემენტაციას საჭიროებს, ასევე ევროკავშირის ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს საქართველოს ამ პროცესში.

ქართველმა ხალხმა, მისმა დიდმა უმრავლესობამ, მათი ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოხატეს. მთავრობამაც მსგავსი მესიჯები გაავრცელა, ახლა კი ადგილზე ქმედებების დრო არის.

რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვაღიარებთ, ახლა ევროკომისიის მიერ ჩამოყალიბებულ 12 პრიორიტეტზე მუშაობის გაგრძელება არის საჭირო - სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერება, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილება საკვანძო პრიორიტეტებია”, - თქვა ვარჰეიმ.