"რუსთავის აზოტსა" და GIZ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

2022-10-14 12:35:57

"რუსთავის აზოტსა" და GIZ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, "რუსთავის აზოტი" და გერმენიის მთავრობასთან არსებული, აზოტმჟავის წარმოების შედეგად კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენელი - GIZ ერთობლივ პროექტს განახორციელებენ.  

როგორც მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე აღინიშნა, ახალი ეკოლოგიური პროექტის მიზანი, რუსთავის ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაა. ასევე ცნობილი გახდა, რომ პროექტი, წარმოების პროცესში, აზოტის ქვეჟანგის გამონაბოლქვის წლის განმავლობაში 70%-ით შემცირებას ითვალისწინებს.

პროექტის განსახორციელებლად 5 500 000 ევრო დაიხარჯება. საჭირო თანხის მნიშვნელოვან ნაწილს, 2 მილიონ ევროს გერმანიის მთავრობა დააფინანსებს.  

მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე,  სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი,  გერმანული კომპანია GIZ-ის, ასევე, ეკონომიკის სამინისტროსა და პარლამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება. სამუშაოების დასრულება 2 წლის ვადაშია დაგეგმილი.