რუსთავში "ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, სადაც ცნობილი გახდა, რომ 24-25 ოქტომბერს რუსთაველებს უფასო სკრინინგის ჩატარება შეეძლებათ.
შეხვედრის ორგანიზატორი "ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია იყო და მასში მონაწილეობა პარლამენტის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა, რუსთავის მერმა, „ქართული ოცნების“ ქალთა ქვემო ქართლის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო ლაცაბიძემ და „ევროპა დონას“ პრეზიდენტი ანა მაზნიაშვილმა მიიღეს.
"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის ქვემო ქართლის ერთ-ერთი წევრის მარი ლიპარტელიანი თქმით, ამ კამპანიის ფარგლებში რუსთავში 24-25 ოქტომბერს "კლინიკა რუსთავში" დაგეგმილია 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებისთვის უფასო სკრინინგი.
"მსოფლიოში 1997 წლიდან იმართება ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო აქტივობები. ამ აქტივობებს და ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება მთელი თვის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებსაც ვუერთდებით პარტია ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის სახელით. ამ შემთხვევაში ქვემო ქართლის ორგანიზაცია რუსთავში ატარებს საინფორმაციო შეხვედრას სკრინინგის მნიშვნელობაზე, რომლის შემდეგაც 24-25 ოქტომბერს დაგეგმილია უფასო სკრინინგის აქცია, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია მიიღოს 40-დან 70 წლის ასაკის ჩათვლით ქალბატონებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ვიყოთ ჩართულები ამ აქტივობებში, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება",- განაცხადა მარი ლიპარტელიანმა.
ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მოუწოდა ქალებს, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ჩაიტარონ უფასო სკრინინგი.
"დღეს არის საინფორმაციო შეხვედრა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 24-25 ოქტომბერს გვექნება სკრინინგის უფასო პროგრამა. ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ჯანდაცვის ხელშეწყობა და სკრინინგი არის ერთ-ერთი ის ნაბიჯი, რომლითაც თავიდან ავირიდებთ ძალიან ბევრ დაავადებას. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ჩაერთონ და "ვარდისფერი ოქტომბერი", რომელშიც ქალთა ორგანიზაცია ვართ ჩართული, გამოიყენონ იმისთვის, რომ ჩაიტარონ სკრინინგი",- განაცხადა ლაცაბიძემ.