რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. როგორც "მედუზა" წერს, შემთხვევა დღეს, 26 სექტემბერს მოხდა.
გამოცემის ინფორმაციით, სროლას რამდენიმე ბავშვი და დაცვის თანამშრომელი ემსხვერპლა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაღუპულია ჯამში 6 ადამიანი, 20 კი დაშავდა. მიუხედავად ამისა, უფრო დიდ მსხვერპლზე საუბრობენ ტელეგრამ არხებზე. არხი "112" აცხადებს, რომ დაიღუპა 10 ადამიანი, რომელთა შორის 5 ბავშვია. რუსული მედია წერს, რომ თავდასხმის დროს ბავშვების ნაწილი თავს ფანჯრიდან გადახტომით შველოდა, რა დროსაც რამდენიმე მათგანი დაშავდა.
რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მომხდარის შემდეგ თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა.
"მედუზას" ცნობით ეს დღეს დილას რუსეთში სროლის მეორე შემთხვევაა. მანამდე ირკუტსკში კაცმა კომისარიატში გახსნა ცეცხლი და დაწესებულების ხელმძღვანელი დაჭრა.