,,საქართველოში, ნადირობის სეზონი 2022 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება’’,- ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველი, ვალდებულია:
ნადირობამდე გადაიხადოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი);
გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში თან იქონიოს ამ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით;
ასევე ნადირობისას თან იქონიოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი უფლებამოსილია ინადიროს გადამფრენ ფრინველებზე (ზემოაღნიშნული ბრძანების მოთხოვნათა დაცვით), გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის წლის აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე, ხოლო მოსაკრებლის წლის დასაწყისში (იანვარი ან თებერვალი) გადახდის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია ინადიროს მოსაკრებლის გადახდის წლის პირველ მარტამდე პერიოდში.
მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით, ნადირობის სეზონის ფარგლებში, 24 საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ მთელი საქართველოს მასშტაბით.
მოქალაქეებმა კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, უნდა მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
ვრცლად, ნადირობისას აკრძალული ქმედებები, ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები ნადირობის ადგილების მიხედვით, ასევე განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის იხილეთ: ბმული.
ნადირობა დაშვებულია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) - კანონით დადგენილ შემთხვევებში (სამონადირეო მეურნეობებში).
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა შესაძლებელია სამონადირეო მეურნეობების გარეთაც.
ნადირობა აკრძალულია:
საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში;
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე;
აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი
ნადირობის აკრძალული მეთოდები:
აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობისას:
მცენარეული საფარის დაწვა;
გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;
ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება;
ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;
სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.
ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლების ასევე, სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება, ამ ფრინველის ფლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში.