რატომ გაითიშა adjaranet, imovies და სხვა საიტები

2022-08-24 13:52:55

რამდენიმე დღეა ფილმებისა და სერიალების საიტები, როგორიცაა adjaranet, imovies და სხვა გათიშულია.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კომუნიკაციების სააგენტომ განცხადება გაავრცელა.

"კომუნიკაციების კომისიამ გასულ კვირაში ხანგრძლივი სამუშაო პროცესის გასვლის შემდეგ, კიდევ ერთხელ მიმართა იმ ვებგვერდებს, რომლებიც მოპარულ კონტენტს ავრცელებენ, რომ გაათავისუფლონ საკუთარი პლატფორმები  არალეგალური კონტენტისგან.

იმ ვებგვერდებთან დაკავშირებით,  რომლებმაც კომისიის მოთხოვნის მიუხედავად არ ამოიღეს საკუთარი პლატფორმიდან არალეგალური კონტენტი, კომისიამ უკვე მიმართა ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულნი არიან მოახდინონ რეაგირება და მიიღონ შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით.

საავტორო უფლებების დარღვევით, ინტერნეტ სივრცეში აუდიო-ვიზუალური კონტენტის განთავსება, სერიოზულ ფინანსურ ზიანს აყენებს კომპანიებს, რომლებსაც სწორედ ის კონტენტი აქვთ ნაყიდი და მომხმარებელს ლეგალურად სთავაზობენ, რომელსაც სხვადასხვა ვებგვერდი არალეგალურად ავრცელებს და შესაბამისად, უფლებების კანონიერ მფლობელებს ზიანს აყენებს. ამასთანავე, აღნიშნული ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას",- ნათქვამია განცხადებაში.