ფიქსირდება თუ არა საზამთროსა და ნესვში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა

2022-08-23 15:10:58

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ადგილობრივი წარმოების საზამთრო და ნესვი შეამოწმა და მათში ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა არ დაფიქსირდა.

ამის შესახებ განცხადებას სეს-ი ავრცელებს.

"ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არ ფიქსირდება.

მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სარეალიზაციო ობიექტებიდან შესამოწმებლად ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვის 51 ნიმუში აიღეს. 

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სეზონურ ბოსტნეულსა და ბაღჩეულს ნიტრატების შემცველობაზე რეგულარულად ამოწმებს.

მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ 100-მდე ნიმუშის აღება-შემოწმებაა დაგეგმილი",- ნათქვამია განცხადებაში.