რუსთავის მერიამ სემეკს ოფიციალური წერილით მიმართა [video]

2022-08-18 17:12:25

რუსთავის მერიამ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მიმართა, რათა კომპანია "რუსთავის წყლის" ქმედება განიხილოს და დაუსახოს კონკრეტული გეგმა, რითიც ქალაქში წყლის მიწოდების პრობლემა მოგვარდება.

ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"ბოლო პერიოდში რუსთავში წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებით მივმართეთ წყლის კომპანიას, რომელიც არის კერძო და ემსახურება ჩვენს ქალაქს. ასევე გვქონდა რამდენიმე შეხვედრა მათთან, თუმცა დღესაც მთელი ქალაქი არის პარალიზებული და თითქმის არცერთ უბანს არ მიეწოდება სასმელი წყალი. დღეს ჩვენ უკვე მივმართეთ სემეკს ოფიციალური წერილით და ვთხოვთ მათ, არსებულ პროცესში რაც შეიძლება სწრაფად თანადგომას.

დაუშვებელია, რაც რუსთავში ხდება და მესმის აბსოლუტურად თითოეული რუსთაველი აღშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოსწორდეს, იმედი მაქვს, რომ სემეკი უახლოეს პერიოდში განიხილავს რუსთავის საკითხს წყლის კომპანიასთან მიმართებაში.

როგორც აღვნიშნე, რამდენიმე შეხვედრა გვქონდა კომპანიასთან. ამ შეხვედრებში აქტიურად იყვნენ ჩართულები გუბერნატორი და მაჟორიტარი დეპუტატი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გვცოდნოდა რეალურად, რა იყო გამომწვევი მიზეზები ბოლო პერიოდში რუსთავში ამ სიხშირით წყალმომარაგების შეზღუდვის. მათი მხრიდან გარკვეულ ხარვეზებზე და პრობლემებზე იყო საუბარი, მათ შორის რუსთავის მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იხდის წყლის გადასახადს და შესაძლოა, ვერ ხდება ამოღება.

ჩვენი მხრიდან დაყენებული იყო საკითხი, რომ უნდა მოხდეს დამატებითი ინვესტიციები, რომ გამოიცვალოს ის მოძველებული ინფრასტრუქტურა, რომელიც არის წყალმომარაგების კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ სემეკის მხრიდან იქნება ამ საკითხებზე უფრო დეტალური მსჯელობა და კომპანიის მხრიდან იქნება უფრო კონკრეტული არგუმენტები.

ჩვენ როგორც მუნიციპალიტეტი, რა თქმა უნდა, ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას და განვიცდით და ვნერვიულობთ ყველა იმ დღეს, როდესაც ქალაქში არის შეზღუდვა და მოსახლეობის მხრიდან არის უკმაყოფილება. ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში, იქიდან გამომდინარე, რომ არის კერძო კომპანია, რა ბერკეტებიც გვაქვს, სრულად გამოვიყენებთ, რომ დავიცვათ მოსახლეობის ინტერესები. ერთ-ერთი ასეთი ბერკეტია, რომ მივმართოთ სემეკს და სემეკმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს აღნიშნული კომპანიის ქმედება და დაუსახოს კონკრეტული გეგმა, რომ რუსთავში ეს პრობლემა მოგვარდეს",- განაცხადა ლაცაბიძემ.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები