ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ქართული ოცნების ოფისში

2022-08-05 11:28:18

ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ოფისში ბრიფინგი გამართა.

"ომისა და ღალატის პარტიას, რომელსაც განასახიერებენ ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტური პარტიები, მისივე ქუთნილი მედიასაშუალებები, მასთან დაკავშირებული ცალკე კომერციული სუბიექტები და რამდენიმე ყველაზე მდიდარი ენჯეო, მარტის დასაწყისში გაშლილი ჰქონდა სრულიად სამარცხვინო ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. ამ კამპანიით მათ რამდენიმე დღის განმავლობაში დააჯერეს მოსახლეობის ნაწილი, რომ რუსები საქართველოში უპრეცენდენტო რაოდენობით შემოდიოდნენ, რაც მათივე მტკიცებით ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისთვის საფრთხეს შეიცავდა. თუმცა მარტიდან ხუთი თვე გავიდა და ყველა დარწმუნდა, რომ რუსების უპრეცენდენტო შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მიერ მოგონილი ისეთივე სიცრუე იყო, როგორც მათივე მოგონილი უსაფრთხოების რისკები. რამდენიმე დღეა იგივე შემადგენლობით ცდილობს, ააგოროს ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღა. ამ შემთხვევაში მათ აქვთ მცდელობა, რომ საქართველოს მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ რუსები საქართველოში უპრეცენდენტო რაოდენობით არიან შემოსულები და რომ ეს ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს.

ამ აღქმის  ჩამოყალიბებას ისინი ტრადიციულად ფაქტების უხეში გაყალბებით ცდილობენ. მაგალითად, ომისა და ღალატის პარტიის კუთნილი ერთ-ერთი ტელევიზია საზოგადოებას არწმუნებდა, რომ თითქოს საქართველოში მყოფი რუსების რაოდედნობა საქართველოს მოსახლეობის 10%-ს გაუტოლდა. სინამდვილეში, საქართველოში წელს შემოსული რუსების რაოდენობა 3-ჯერ ჩამორჩება 2019 წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას...

ვიზების შემოღების მოთხოვნის უკან დგას ერთადერთი მიზანი, ესაა რამენაირად ჩართონ საქართველო სამხედრო კონფლიქტში. ქსენოფობიური კამპანია მთლიანად ამ მიზანს ემსახურება. პირდაპირი გზიღ მათ ვერ მოახერხეს ამის უზრუნველყოფა, ახლა ცდილობენ ირიბი გზით გააღვივონ აგრესია საზოგადოებაში და საბოლოო ჯამში, ამით მიიყვანონ ქვეყანა ომამდე, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ",- განაცხადა კობახიძემ.