10-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რეაბილიტაციის გამო, ავიაკომპანია Wizz Air ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.
ამის შესახებ TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ განაცხადა.
"იყო სახელმწიფოს თხოვნა, რომ თუ იქნებოდა შესაძლებლობა, ჩვენ მიგვეღო ყველა ის რეისი, რომელიც ქუთაისში დღეს სრულდება. გამოვთქვით მზადყოფნა და გიდასტურებთ, რომ ოქტომბერში, 14 დღის განმავლობაში ყველა რეისი, რომელიც ქუთაისის აეროპორტში უნდა შესრულებულიყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება. რაც შეეხება სხვა გეგმებს Wizz Air-თან მიმართებაში, ჯერჯერობით არანაირი გეგმა გამოკვეთილი არ გვაქვს. მაგრამ თუ მოთხოვნა იქნება, თუ ეს იქნება საინტერესო როგორც ჩვენი მგზავრებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიისთვის და ასევე თავად Wizz Air-ისთვის, რატომაც არა, განხილვადია. ოღონდ, კიდევ ერთხელ დავკონკრეტდები, რომ ამ ეტაპზე ეს არის მხოლოდ 2 კვირაზე". - განაცხადა ტელეკომპანია BMG-ის ეთერში TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია იგეგმება, ამ მიზეზის გამო, 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით ფრენები ვერ შესრულდება და აეროპორტი ორი კვირით დაიხურება.
სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ნაწილს - დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის სრული გეგმური რეაბილიტაცია.