როდის გამოქვეყნდება უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი

2022-07-19 14:08:44

2022-2023 სასწავლო წლის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სია, ე.წ უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი, რომელიც 2022 წლის აბიტურიენტებისთვის არის მნიშვნელოვანი, აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება - ამის შესახებ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აცხადებენ.

უფასო ფაკულტეტის არჩევის შემთხვევაში, სახელმწიფო სრულად აფინანსებს სტუდენტის სწავლას. პრიორიტეტული ფაკულტეტების სია მინისტრის ბრძანების საფუძველზე დგინდება და საკანონმდებლო მაცნეზე ქვეყნდება. ამის შემდეგ აბიტურიენტებს თავიანთი არჩევანის ცვლილება და ე. წ უფასო ფაკულტეტით ჩანაცვლების საშუალება ექნებათ.

"საკანონმდებლო მაცნეზე დაიდება მინისტრის ბრძანება, სადაც იქნება განსაზღვრული, რომელი უნივერსიტეტში რომელი პროგრამაა პრიორიტეტული. ეს მოხდება აგვისტოში, თუმცა რომელ რიცხვში, ჯერ არ ვიცით", – ამბობენ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში კი, გამოქვეყნების თარიღზე დასმულ კითხვას ასეთი პასუხი გასცეს: "უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი გამოქვეყნდება ისეთ დროს, რომ აბიტურიენტს ისევ ექნება შესაძლებლობა, აირჩიოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები. შესაძლოა, ეს იყოს ივლისის ბოლოს, ან აგვისტოშიც გადავიდეს".

ცნობისთვის, საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

დაინტერესებულ აბიტურიენტებს შეუძლიათ, გასული სასწავლო წლის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტები ამ ბმულზე იხილონ.

 

წყარო: edu.aris.ge