"მამიდა" თავისუფალია

2019-05-10 16:31:29

სასტუმრო „მამიდას“ მფლობელს, როენა ხუცურაულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

ის წინასწარი დაკავების საკანს 30 ათასი ლარის გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

როენა ხუცურაული აცხადებს, რომ მას სასტუმრო "მამიდაში" მოხუცთა თავშესაფრისა და "კათარზისის" გახსნა უნდოდა. ხუცურაული ამბობს, რომ ზინაიდა ქორიძეს, რომელსაც სასტუმრო "მამიდა" ჰქონდა იჯარით აღებული, ბოლო პერიოდში ქირის გადახდა უჭირდა და ხუცურაულმა მას შენობის დაცლა სთხოვა.

როენა ხუცურაულის თქმით, ზინაიდა ქორიძემ გარკვეული პერიოდი ითხოვა და უთხრა, რომ შენობას იმ მომენტში ვერ დაცლიდა, რაზეც ხუცურაული დათანხმდა. შესაბამისად, როენა ხუცურაული წაყენებულ ბრალში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

20 ათასლარიანი გირაო შეეფარდა იმავე სასტუმროს მოიჯარეს, როენა ხუცურაულთან ერთად დაკავებულ ზინაიდა ქორიძეს, მეტსახელად „სალომეს“.

ბრალდებულმა დღეს სასამართლოში ბრალი აღიარა. მას გამოძიება პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას ედავება.