მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში 50-მდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მინდორში დაცემული ნახეს. [ვიდეო/video]
როგორც პირუტყვის მეპატრონე აცხადებს, საქონელი მას შემდეგ დაეცა, რაც პირუტყვი მარნეულის მუნიციპალიტეტში, ვეტერინარულ აფთიაქში ნაყიდი პრეპარატით დაბანა.
ინფორმაციას საქონლის პრეპარატით დაბანის შემდეგ დაცემასთან დაკავშირებით "ინფო რუსთავს" უდასტურებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის სამსახურის ხელმძღვანელი მირანგულა ლიპარტელიანი. ლიპარტელიანის განცხადებით, სამსახურის წარმომადგენლები ამ წუთებშიც აწარმოებენ შესაბამის გამოკვლევებს ადგილზე. მისი თქმით, მხოლოდ პრეპარატის ნიმუშის ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ იქნება შესაძლებელი 50-მდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაცემის მიზეზებზე საუბარი.
საქონლის მეპატრონის ინფორმაციით, მან ჯამში პრეპარატით 150 ძროხა დაბანა, 50 უკვე გარდაცვლილია. დაცემული პირუტყვის მეპატრონის ზარალი დაახლოებით 20 000 ლარს შეადგენს.
ვიდეოს მარნეულის ტელევიზია ავრცელებს