შინაგან საქმეთა სამინისტრო ვაკის პარკთან ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აქციაზე და პარალელურ რეჟიმში იმავე ტერიტორიაზე მიმდინარე კონტრაქციაზე აქტივისტების დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ვაკის პარკთან მიმდინარე აქციებზე შსს-ს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის 5 პირი დააკავეს და 1 პირი გააფრთხილეს.
ამ დროისთვის ხელწერილის საფუძველზე 5-ვე დაკავებული გათავისუფლებულდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„პოლიციამ, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილე, 1958 წელს დაბადებული გ. ნ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, ხოლო, 1969 წელს დაბადებული თ. ფ., კომისიის გაფრთხილების მიუხედავად საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო, საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 174-ე 16 პრიმა მუხლით გამოავლინა და გაფრთხილება მისცა.
სამართალდამცველებმა, ასევე, კონტრაქციის 4 მონაწილე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისათვის დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით: 1983 წელს დაბადებული გ. ო., 1975 წელს დაბადებული კ. კ., 1977 წელს დაბადებული ა. მ. და 1978 წელს დაბადებული გ.მ.
ამ დროისთვის ყველა დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულია.
მათ მიმართ გრძელდება ადმინისტრაციული საქმისწარმოება. საქმის მასალები, სამართალდამრღვევთა მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, გადაიგზავნება საქალაქო სასამართლოში“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ვაკის პარკთან ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პარალელურად ორგანიზაცია ე.წ. "უკვდავი პოლკის" წარმომადგენლებმა კონტრაქცია გამართეს, რის შედეგადაც აღნიშნული ორგანიზაციისა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. შეტაკებები აქტივისტების დაკავებაში გადაიზარდა.
არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ადგილზე სიტუაცია განმუხტულია.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი