600 ლარი საჩუქრად

2019-05-08 18:49:52

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები 600-ლარიან ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გამოსცა.

თანხის გაცემას რეგიონებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, ხოლო დედაქალაქში თბილისის მერია.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ერთჯერადად  გასცემს ფულად დახმარებას 600 ლარის ოდენობით საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანისთვის. ასევე, ომში დაღუპლთა ოჯახის 209 წევრისთვის – 300 ლარს.

„მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ოჯახის წევრის ერთჯერადი დახმარება გაიცემა მხოლოდ ომში დაღუპული პირის მეუღლეზე ან ბავშვობიდან შშმ პირ შვილზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში", – აცხადებენ უწყებაში.

ომის ვეტერანების გარდა, 9 მაისთან დაკავშირებით, პირად ანგარიშზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება მეორე მსოფლიო ომში მარჩენალდაკარგულ პირებსაც ჩაერიცხათ.