შემთხვევით რამე ხომ არ გეშლებათ ბატონო მინისტრო და იქით მინდა გკითხოთ, შემთხვევით თქვენმა ხელისუფლებამ, თქვენ, თქვენი კონკრეტული ქმედებებით ხომ არ გახადეთ პოლიცია მხარე?, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მამუკა ჩიქოვანმა შს მინისტრ გიორგი გახარიას, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ.
ჩიქოვანმა სხვადასხვა ფაქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის მიერ მაგალითად დასახელებული ფაქტები ადასტურებს, თუ ვის მიერაა ქცეული პოლიცია მხარედ.
"ამ ტრიბუნიდან მოგვამრთეთ ყველას და გვითხარით - ნუ აკეთებთ იმას, რომ პოლიცია გახდეს მხარე. შემთხვევით რამე ხომ არ გეშლებათ ბატონო მინისტრო და იქით მინდა გკითხოთ, შემთხვევით თქვენმა ხელისუფლებამ, თქვენ, თქვენი კონკრეტული ქმედებებით ხომ არ გახადეთ მხარე პოლიცია? აქ უამრავი მაგალითი და ფაქტი შეგახსენეს და მე შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძე, თქვენი პირადი პატიმარია და სხვა ყველა, მსგავსი თუ უფრო მძიმე დანაშაულის მატარებელი პირი, თქვენი მხარდამჭერი და მაქებარი დღეს თავისუფლად დადის გარეთ. ასევე მინდა შეგახსენოთ ბოლო პერიოდში ზუგდიდში მომხდარი ფაქტი. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი საპატრულო პოლიციას იძახებს და განცხადებას აკეთებს, რომ მასზე ხორციელდება თვალთვალი, დევნა და სჭირდება დახმარება. ხომ არ გაგახსენოთ ვინ დააკავეს? - დააკავეს თავად პრესსამსახურის უფროსი, გიორგი პატარაია. ხომ ვერ მეტყვით, ვინაა აქ მხარე და ვისი ქმედების გამო გვევლინება პოლიცია ამ შემთხვევაში მხარედ", - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.