22 წლის თეკო მიქაძე ამბობს, რომ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა ოჯახის ნათესავების მხრიდან. როგორც ახალგაზრდა ქალი წერს, გუშნ ძალადობის მსხვერპლი ის და მისი ორი წლის ვაჟიშვილი გახდნენ. ახალგაზრდა დედის თქმით, თავისივე ბებიის ნათესავმა მამაკაცებმა, მამა–შვილმა მას სასტიკად სცემეს.
როგორც თეკო მიქაძე აღწერს, ძალადობის ფაქტი 26 აპრილს, ქალაქ ვანში მოხდა. მან ბავშვის ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს, დალურჯებები აღენიშნება თვალსა და შუბლზე. ახალგაზრდა ქალი წერს, რომ ნათესავის ოჯახში მას შემდეგ მივიდა, რაც გაარკვია, რომ მისმა ნათესავმა ნიკა გიორგაძემ მისი შვილი ორი წლის ბავშვი წააქცია და ბიჭუნამ ამის შედეგად მიიღო დაზიანებები. მას შემდეგ რაც თეკო მიქაძემ და მისმა დედამ ნათესავებთან საქმის გარკვევა დაიწყეს, 55 წლის მამაკაცმა და მისმა შვილმა, ასევე ოჯახის კიდევ ერთმა წევრმა ქალმა, გოგონა სცემეს.
“ორმა კაცმა მცემა და დანიელიც დაასახიჩრეს დღეს. ამას იმიტომ ვწერ, რომ ვინმემ პასუხი აგებინოს სულით მოძალადე ხალხს. იცოდეთ როგორი კაცები არიან ვანში! ჩამარტყა ნიკამ, მერე დაეხმარა მამამისი სულიკო და ბოლოს ნაზიც. სამივე ერთად მირტყამდნენ. ნიკა და სულიკო დედიკოსკენაც გაიწივნენ დასარტყამად და დედიკოს დანიელი ეჭირა და კიოდა დანიელს არ მოხვდესო.
ვანში რომ ვინმე ერთი წესიერი კაციც ცხოვრობდეს წესით 22 წლის გოგოს ცემა 55 წლის კაცს და მის არაკაც შვილს არ უნდა შერჩეს. ამდენი წელია ვისაც უნდა ყველა მე მირტყამს ან ჩემს ოჯახს და კაციშვილი არაა პატრონი. საშველი არაა, აი თავს რომ მოვიკლავ იცოდეთ, რომ ჩემი ცხოვრების გაუბედურებაში თქვენ მიგიღძვით ბრალი. ამას იმიტო ვწერ რომ ისეთი ნაცემი ვარ მგონი ხვალამდე ვერ მივაღწიო და თუ ჩავაკვდი ესე აკანკალებული და ცოცხალ-მკვდარი დღეს დედაჩემს ხელებში, იცოდეთ ვისი ბრალია”, – წერს 22 წლის თეკო მიქაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვანში დედა-შვილის სავარაუდო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
"გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, მიმდინარეობს გამოკითხვები, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, როგორც ბავშვის ისე მისი დედის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით",-განაცხადეს შსს-ში