მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს

2019-04-21 12:05:42

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძრში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდა.

დეკანოზმა მიქაელ ჭაბაშვილმა სადღესასწაულო ლიტურგია რუსთავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში აღავლინა.

ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება.

წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას.

ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: "ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!"

დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. ბზობა მძიმე მარხვაში თევზით ხსნილია.