საქსტატი: ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 321 ლარია

2019-04-20 13:16:59

საქსტატის მონაცემებით, ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 160.5 ლარით განისაზღვრა. ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმია 256.8 ლარი, სამსულიანის – 288.9 ლარი, ოთხსულიანის  – 321 ლარი, ხუთსულიანის – 361.2 ლარი, ექვსსულიანის და მეტის – 427 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან. ესენია – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს, 16 აპრილს განაცხადა, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის გადახედვის და სხვა მეთოდოლოგიის მიღების მომხრეა.