"არა ციხეს" - მორიგი აქცია ჭყონდიდელის დასახლებაში [photo]

2019-04-12 20:34:51

"არა ციხეს" - ამ სლოგანით ჭყონდიდელის დასახლებაში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია, ისინი ჭყონდიდელის დასახლებაში ციხეების მშენებლობის დროებით შეჩერებასა და იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს აქტივისტებმა თეა წულუკიანს პეტიციითაც მიმართეს.

ჭყოდიდელის დასახლებაში მცხოვრებლები მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას იმ დრომდე მოითხოვენ, სანამ იუსტიციის მინისტრი მოსახლეობას არ შეხვდება და არ მიეცემათ საშუალება, წულუკიანს გააცნონ საკუთარი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ სურთ რუსთაველებს ციხე რუსთავში, კერძოდ კი ჭყონდიდელში, დასახლებულ პუნქტთან ახლოს.

აქციის მონაწილეებმა კვირას, 14 აპრილს, 14:00 საათზე რუსთავის შემოსასვლელის მიმართულებით მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა დააანონსეს და აღნიშნეს, რომ თუ ცენტრალური ხელისუფლებისგან მათ მოთხოვნებს არ მოჰყვება რეაგირება, აქტივისტები შეაფერხებენ ავტოსაგზაო მოძრაობას, კერძოდ კი გადაკეტავენ ქალაქის შემოსასვლელს.

შგახსენებთ, ჭყონდიდელის დასახლებაში აქცია სახელწოდებით "არა ციხეს" რამდენიმე დღის წინაც გაიმართა, დღეს კი აქციის მონაწილეებმა თეა წულუკიანის სახელზე იუსტიციის სამინისტროში განცხადება შეიტანეს, რომელსაც თან 757 ადამიანის ხელმოწერა ჰქონდა დართული. განცხადებით რუსთაველებმა წულუკიანს ზემოთაღნიშნული მოთხოვნები გააცნეს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები