სიახლე აბიტურიენტებისთვის

2019-04-11 17:17:13

სიახლე აბიტურიენტებისთვის.

უცხო ენების საგამოცდო ტესტში გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება აღარ იქნება - მაქსიმალური ქულის რაოდენობამ კი, 90-დან 80-მდე დაიკლო. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა, რუსუდან ტყემალაძემ განაცხადა.

"წელს ცვლილება არის ძალიან მინიმალური უცხო ენების ტესტში. ეს ცვლილება შეეხება იმას, რომ შარშანდელ ტესტთან შედარებით, წელს ამოღებულია სუფთა გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება. ეს იყო ტრადიციული მერვე დავალება, რაც აღარ იქნება. ეს დავალება ამოწმებდა გრამატიკული წესების ცოდნას. რადგანაც ეს არის ამბიციური ტესტი, საუნივერსიტეტო ტესტი, აკადემიურ სივრცეში უნდა გამოადგეს აბიტურიენტს, ამიტომ სასურველია შემოწმდეს არა გრამატიკული წესების ცოდნა, არამედ ამ წესების გამოყენების უნარი სხვა დავალებების საშუალებით, როგორიც არის წერის დავალებები. ტესტში ორი წერის დავალებაა და მთელი ყურადღება ამაზე გადავა. ამან გამოიწვია ის ცვლილება, რომ დაიკლო მაქსიმალური ქულის რაოდენობამ 90-დან 80-მდე. მაქსიმალური ქულა უცხო ენებში 80 იქნება, შესაბამისად, გამსვლელმა ზღვარმაც დაიკლო",- განაცხადა ტყემალაძემ.

მისივე თქმით, ტესტით შემოწმდება ისეთი ცოდნა, როგორიცაა სწორი დროების გამოყენება და ძირითადი გრამატიკული კატეგორიები.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ენების გამოცდის დრო 2 საათი და 30 წუთი გახდა.